Accessibility links

შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობის და გაზის მოძიებას კომპანია OMV Petrom-ი დაიწყებს


შავ ზღვაზე ნავთობის და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიზენციის მოსაპოვებლად საქართველოს ნავთობის და გაზის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ღია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია OMV Petrom-მა. ამის შესახებ მთვრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი ინფორმაციით, OMV Petrom-ი მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე ავსტრიული გიგანტის OMV-ის შემადგენლობაშია. თურნავას თქმით, „ფორბსის“ რეიტინგით ნავთობის და გაზის კომპანია OMV-ი ავსტრიაში მეორე უმსხვილესი კომპანიაა და მეათეა ევროპის ნავთობმომპოვებელ კომპანიებს შორის.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ OMV Petrom-თან ხელშეკრულება უახლოეს ხანში გაფორმდება.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ახალი, დიდი და ცნობილი ინვესტორის შემოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო, მათ შორის ნავთობის და გაზის მოპვების სფეროში, მსოფლიო გიგანტებისთვის გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგებია.

ავსტრიული OMV-ის შემადგენლობაში მყოფი OMV Petrom-ი რუმინული კომპანიაა. მის ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, OMV Petrom-ი სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ენერგოკომპანიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG