Accessibility links

ომბუდსმენის აზრით, უგულავას ხელახლა დაპატიმრებაზე სტრასბურგის სასამართლო დარღვევას დაადგენდა


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას აზრით, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას ერთსა და იმავე საქმეზე ხელმეორედ დაპატიმრების საქმეზე, განხილვის შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევას დაადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრა.

"თუ ეს საქმე წავა ან წავიდოდა სტრასბურგის სასამართლოში, ძალიან დიდი ალბათობით, დაადგენს გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. იქედან გამომდინარე, რომ არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უზენაესში, შემდეგ ამ ადამიანს დახვდეს როგორც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე. ვფიქრობთ, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ", - თქვა მან.

მანვე ყურადღება გაამახვილა მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად განხილვის საკითხსაც. მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ადამიანს მაშინაც კი თუ მას სამართლებრივი დარღვეული აქვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ კონტექსტს. ლომჯარია ამბობს, რომ უგულავას საქმის გადაკვალიფიცირება პოლიტიკურ კონტექსტში მოხდა.

"იყო თუ არა პოლიტიკურად აქტიური, დაექვემდებარა თუ არა სამართლიან სასამართლოს, წარედგინა თუ არა ბრალი სწორად, ხო არ მოხდა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება - ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი", - თქვა პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაზე საუბრის დროს ლომჯარიამ.

უგულავას, შალვა თადუმაძის მონაწილეობით, უზენაესმა სასამართლომ ე.წ. თბილისერვისის საქმეზე 3 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე მან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი უკვე მოიხადა, თუმცა თადუმაძის გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს საქმე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა.

უგულავა ახლა თავისუფალია. ის პრეზიდენტმა 15 მაისს გაათავისუფლა. იმის გამო, რომ ოპოზიცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდა, თქვეს, რომ მისი გათავისუფლება ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი წინაპირობა უნდა ყოფილიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG