Accessibility links

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება


მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10-ათასლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე და პატიმრობაში დატოვა „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა.

პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა რურუას დაცვის მხარეს ბოლო რამდენიმე სხდომაზე აღარ დაუყენებია.

პროკურატურა კვლავ მიიჩნევს, რომ რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დიდია და გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. თავად რურუა ამბობს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რურუას საქმის სუსტი მხარე მასში არსებული მტკიცებულებებია.

„პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის მხარდაჭერის პირობად ასახელებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი განცხადებით, რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით უკვე მიღებულია. მესამე, საბოლოო მოსმენა და კენჭისყრა 29 ივნისაა დანიშნული.

24 ივნისს, ფეისბუკით გავრცელდა გიორგი რურუას განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. საპასუხოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მედიას უთხრა, რომ რურუას ვაჟკაცური განცხადება მისასალმებელია, თუმცა, პოზიციის შეცვლას და მის გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG