Accessibility links

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აზერბაიჯანს მოუწოდებს, გააუქმოს ჟურნალისტ ტეზეხან მირალამლისთვის გამოტანილი განაჩენი


ტეზეხან მირალამლი

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) აზერბაიჯანს მოუწოდებს, გააუქმოს განაჩენი, რომელიც გასულ კვირაში გამოუტანეს ჟურნალისტ ტეზეხან მირალამლის. ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციის თქმით, მირალამლი „უკანასკნელი მსხვერპლია“ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების გამოყენების სამთავრობო პრაქტიკისა.

„ხელისუფლება დაპატიმრებებით, ფიზიკური თავდასხმებითა და ოჯახის წევრების ციხეში ჩასმით რვა წლის განმავლობაში ავიწროებს ტეზეხან მირალამლის მისი რეპორტაჟებისა და პოლიტიკური შეხედულებებისთვის“, წერს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟანა კაველიე 25 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

19 ივნისს სასამართლომ მირალამლი, რომელიც აზერბაიჯანის ერთადერთ დარჩენილ ოპოზიციურ გაზეთ „აზადლიკში“ მუშაობდა, დამნაშავედ ცნო „ხულიგნობისთვის“ და იმისთვის, რომ ის თავს დაესხა სავარაუდო ბლოგერს, რომელსაც RSF-ის თანახმად, აშკარად იყენებდა მთავრობა თებერვალში მომხდარი ჩხუბისას.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შემდეგი 12 თვის განმავლობაში მირალამლიმ ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს და ყოველდღე შინ დარჩეს საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე.

ჟურნალისტის თქმით, მისთვის დაწესებული შეზღუდვები დააბრკოლებს მის მუშაობას და მას აღარ შეეძლება მოვლენების გაშუქება ღამით ან დედაქალაქის გარეთ.

კაველიე აზერბაიჯანის სასამართლო სისტემას სთხოვს, მირალამლის მოუხსნან ბრალდებები და მოუწოდებს ევროპის საბჭოს კომისარს ადამიანის უფლებების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს, „დაგმოს შეთითხნილი ბრალდებების გამოყენება“ მთავრობის მიმართ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ.

RSF-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 2020 წელს აზერბაიჯანს 180 ქვეყნიდან 168-ე ადგილი უკავია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG