Accessibility links

ისევ სომხეთი - დაფიქსირდა COVID-19-ით დაავადებულთა რეკორდული რიცხვი


სომხეთში იზრდება COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი. ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეში თითქმის 800-ს მიაღწია.

ამ დროისთვის ქვეყანაში 22 488 დაინფიცირებულია რეგისტრირებული, მათგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა, 397 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამას ემატება 130 ადამიანი, რომლებსაც, მართალია, ახალი კორონავირუსი ჰქონდათ, მაგრამ მათი სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

„აუცილებელია სამმაგად, ოთხმაგად, ხუთმაგად ფრთხილად ვიყოთ. ახლა იმ წერტილს მაინც მივაღწიეთ, როდესაც აღარ გვყავს ისეთი პაციენტები, ჰოსპიტალიზაციას სახლებში რომ ელოდებიან. მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობები უსასრულო არაა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ეს დაავადება ცოტა ხნის წინ თავად გადაიტანა. - გახსოვდეთ, რომ 100 ახალი შემთხვევიდან 15 საავადმყოფოში მოხვდება, აქედან 5 - რეანიმაციულ განყოფილებაში და 2, სამწუხაროდ, მოკვდება“.

ამჯერად დაავადებულებიდან ფილტვების სავენტილაციო აპარატზე 40 ადამიანია მიერთებული, 103 ადამიანი ძალიან მძიმე, 502 კი მძიმე მდგომარეობაშია.

სომხეთის მოსახლეობა სულ 2 925 000 ადამიანს შეადგენს. ახალი კორონავირუსისგან დღეს ხალხს, ფაქტობრივად, ნიღბები და კიდევ რამდენიმე რეგულაცია იცავს. საგანგებო ზომების მოხსნა სომხეთში ჯერ კიდევ აპრილში დაიწყეს, როგორც შემდეგ გაირკვა, ამაოდ.

გაიანე მირზოიანი, რომელიც ერევანში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებასთან ჰყვება, რომ მაშინ ეკონომიკის ჩავარდნას რეგულაციების შესუსტება არჩიეს, ახლა კი ფიქრობენ, რომ კარანტინი უკვე ვეღარც უშველით.

ერევანში შედარებით ფრთხილად არიან, ნიღბები უკეთიათ, თუმცა ხალხი მაინც ჩვეულებრივად ზის კაფეებში, ქუჩაში დადიან. საღამოობით ფოიერვერკები ჩანს ხოლმე, რაც ნიშნავს, რომ სადღაც წვეულებაა. პანიკა არ არის. უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც ბევრს საერთოდ არ სჯერა, რომ ვირუსი საშიშია. ჰგონიათ, რომ ეს შეთქმულების თეორიის ნაწილია“, - ამბობს ის.

გაიანე ჰყვება, რომ ქუჩაში რეგულარულად დადიან მანქანები ხმის გამაძლიერებლებით და ხალხს ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ.

ამ ბოლო დროს უფრო იგრძნო ხალხმა საშიშროება, რადგან სანაცნობოში ყველას ვიღაც მოუკვდა ან დაავადდა. სამწუხაროდ, ჩემი ერთი ნაცნობიც გარდაიცვალა“, - ამბობს ის.

ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად სომხეთში ექიმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან: საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ლიეტუვიდან. მათ სამედიცინო აპარატურაც ჩაიტანეს.

ფრანგი ექიმები სომხეთში
ფრანგი ექიმები სომხეთში

„მარტის მეორე ნახევარში საფრანგეთში ასეთივე ვითარება გვქონდა“, - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა ჰაიკ ვართანიანმა, რომელიც სომხეთში დაიბადა და, ბოლო 26 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიღბის ტარებას და ხელების რეგულარულად ბანას, ასევე სხვა წესების დაცვას. ეს ერთადერთი გზაა ვირუსის შესაჩერებლად“.

სომხეთში იმყოფება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჯერად მთავარი პრობლემა დისციპლინაა. მხოლოდ ერთ დღეს სომხეთში 400-მდე ადამიანი დააჯარიმეს იმის გამო, რომ ნიღბები არ ეკეთათ, კიდევ 1700-ს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG