Accessibility links

site logo site logo

სოციალურ აგენტებსა და გიორგი წოწკოლაურს შორის შეხვედრას არ დაასწრეს „სოლიდარობის ქსელი“


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე სოციალურ აგენტებს შეხვდა. გიორგი წოწკოლაურმა მათთან შეხვედრის მზადყოფნა, მას შემდეგ გამოთქვა, რაც სოციალურმა აგენტებმა გაფიცვის დაწყება დააანონსეს. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში იმყოფებოდა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ (მისი წევრები არიან სოციალური აგენტები) იურისტი დავით ომსარაშვილი, მას არ მისცეს შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება. „სამინისტროს პოზიციაა, რომ შიგნით, თავად მოაგვარებენ და პროფესიული კავშირები არ სჭირდებათ. ეს მინიმუმ სირცხვილია შრომის სამინისტროსგან, რომელიც პირდაპირ ახდენს პროფესიული კავშირების უფლებების დარღვევას. ამავე დროს, დასაქმებულების უფლებების დარღვევას და პროფესიული კავშირის დისკრედიტაციას. ეს არის სირცხვილი და ამის გამო პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს უშუალოდ წოწკოლაურის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ომსარაშვილმა.

იურისტი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა, რეალობას არ შეესაბამება. „სულ, რომ კულუარულ გარიგებებსა და მოლაპარაკებებში არიან, ცდილობენ დაშალონ დასაქმებულები. დაიბარეს რამდენიმე უფროსი სოციალური აგენტი და შეხვდნენ. უთხრეს, რომ ხელფასი 80 ლარით მოემატებათ. შექმენით სამუშაო ჯგუფი და ვისაუბროთ პრობლემებზე. იმდენიც კი არ ესმით, რომ პროფესიული კავშირი არის უშუალოდ დავის მხარე და არა რომელიმე დასაქმებული კონკრეტულად. თუ კოლექტიური დავის პროცესში, ვიღაცას ხვდები, მინიმუმ უნდა იცოდე, რომ უნდა შეხვდე პროფესიული კავშირის წარმომადგენელს“, - თქვა ომსარაშვილმა.

როგორც „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი ამბობს, სოციალური აგენტები უნდა დასხდნენ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება პროცესი. მისი თქმით, გაფიცვის საკითხი გეგმიდან არ იხსნება. „უბრალოდ საუბარია იმაზე შეხვედრა გაიმართება თუ არა ისევ. „სოლიდარობის ქსელს“ მიეცემა თუ არა პროცესში მონაწილეობის საშუალება. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შესაბამისად, გაფიცვის გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, - დაამატა იურისტმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება გაუორმაგდებათ, ასევე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ საჭიროებებზე იმუშავებს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მათ ხელშეკრულებებს ვადას გაუხანგრძლივებენ. „ოფიციალურად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, სადაც აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მიმართულება და განიხილება ნებისმიერი საკითხი. ეს ჯგუფი იქნება მუდმივმოქმედი და ინტენსიურად გვექნება მათთან კომუნიკაცია. რაც შეეხება სახელფასო ზრდას - მე შემიძლია ვთქვა, რომ ის თანხები, რომელიც მათ ერიცხებოდათ სამგზავროდ, ეს თანხები მათ გაუორმაგდებათ“, - თქვა გიორგი წოწკოლაურმა.

დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ სოციალური აგენტების მოთხოვნებს შორის არის შრომის ანაზღაურების გაზრდა და ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯაფარიძე ანაზღაურების ფორმას ასე განმარტავს, სოც. აგენტებს 80 ლარს აძლევენ და შემდეგ გამომუშავებაზე არიან. „ძალიან ხშირად, შეიძლება არ ჰყავდეთ საკმარისი ბენეფიციარი და ხელფასი შეიძლება იყოს 300 ლარი. ყველაზე მაღალი კი 700 ლარია. ზოგადად მათი ანაზღაურება 300-დან 700 ლარამდე, მაგრამ საშუალო ანაზღაურებად შეგვიძლია, 500 ლარი მივიჩნიოთ“, - გვითხრა სოფო ჯაფარიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG