Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის ინიციატივაში ხედავენ რისკს წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია და თავდასხმა


კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეხმაურება თბილისის მერის ინიციატივას მედიის კრიტიკისთვის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ. კოალიცია კალაძის გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებას მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

„მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.

განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები”, - ნათქვამია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ 25 ივნისს „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მან დაასახელა კონკრეტული ტელეკომპანიები, რომლებსაც, მისი თქმით, დაუპირისპირებს ფაქტებსა და სიმართლეს. „ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებლებს", - თქვა კალაძემ.

მოგვიანებით თბილისის მერმა თქვა, რომ „არ ერიდება" იმ ბანერის გამო, სადაც სამი ტელევიზია „მთავარი არხი" „მთავარ სიცრუედ", „ფორმულა" „სიცრუის ფორმულად", ხოლო „TV პირველი" „პირველი სიცრუის" სახელებით არის მოხსენიებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG