Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო ფრენებს ჯერ ვერ აღადგენს - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ივნისს


ავიაციის სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს. ფრენების აღდგენის დადასტურებამდე ბილეთები არ იყიდონ

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა - 917

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 776

კარანტინში - 2687

სტაციონარში - 260

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრებს მოუწოდებს, რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის დადასტურებამდე ბილეთები არ იყიდონ. ამის შესახებ სააგენტოს იმ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ფრენების აღდგენის პირველ აგვისტომდე გადადებაზეა საუბარი.

„გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველო რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს ივლისის ბოლოსთვის გადაავადებს, ამის მიზეზად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორი რამ დაასახელა - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინი და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ეს განცხადება ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა.

ნათია თურნავას განცხადებით, ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოეკიდებიან საერთაშორისო ვიზიტორებს და ტურისტებს და ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებას აირჩევს. ეს იქნება ჩარტერული ფრენები ბიზნესმენებისა და სტუდენტებისთვის.

წაიკითხე მეტი.

19 წლის ფეხბურთელი დაკრძალეს - კითხვებს კითხვები ემატება

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 25 ივნისს დაკრძალეს. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და 126-ე, ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. გამოკითხულია და კვლავაც იკითხება ათეულობით მოწმე, მიმდინარეობს ექსპერტიზები, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. საქმე აღძრულია ორი მუხლით, 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და 126-ე, ძალადობის მუხლებით. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოძიებას სავარაუდო ბრალდებული არ ჰყავს.

ექსპერტიზის საბოლოო პასუხს ელოდება გიორგი შაქარაშვილის ოჯახი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გიორგის ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები. პირველადი დათვალიერებით დგინდება, რომ 19 წლის ფეხბურთელს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის, მოტეხილობები და დაზიანება თავის არეში, რომელიც, სავარაუდოდ, ბლაგვი ზედაპირის ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული.

იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყებიდან არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, ინფორმაციის მოძიება, თუ რა მოხდა 19 ივნისის ღამეს მცხეთის ერთ-ერთ აგარაკზე, წვეულებაზე და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები საავტომობილო ტრასაზე, ჟურნალისტებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, საქმეზე გამოკითხული მოწმეებისა და მათი ადვოკატების მეშვეობით უწევს, რაც საქმის დეტალებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის და 19 ივნისის ღამეს საავტომობილო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის არაერთ ვერსიას აჩენს.

წაიკითხე მეტი საქმის შესახებ ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

23 პიარმენეჯერი, 3 ოპერატორი, 2 ფოტოგრაფი და ახლა უკვე მერის სიმართლის მუშტი

თბილისის მერიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 55-კაციანი გუნდი ჰყავს, რომელმაც მხოლოდ 2020 წელს კომუნიკაციაში ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა. კახა კალაძე თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის და ცრუ ამბების გაქარწყლებაში თავად ერთვება.

55-კაციანი სააგენტოს თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადის ხელფასი 5 000 ლარია, ყველაზე დაბალანაზღაურებადის - 1000 ლარი. მხოლოდ 2020 წლის პირველ 5 თვეში სააგენტოს სარეკლამო მომსახურების კონტრაქტების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ამ კონტრაქტებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ სოციალურ მედიაში, ტელევიზიებსა და ახალი ამბების სააგენტოებში სასურველი ინფორმაციის გავრცელების სერვისი შეიძინა. ფეისბუკში გამგეობების და მერიის სამსახურებისთვის შექმნილი 32 ოფიციალური გვერდი ფუნქციონირებს.

მიუხედავად ამ რესურსებისა, თბილისის მერი ფიქრობს, რომ ცრუ ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში პირადად მისი ჩართვაც საჭიროა. კახა კალაძე თვლის, რომ სხვადასხვა მედიით გავრცელებულმა დეზინფორმაციამ მოსახლეობა შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, თავად უნდა მოჰყვეს მერიის საქმიანობის შესახებ.

25 ივნისს ჩართვის ანონსისთვის დამზადებული ბანერიც გამოჩნდა. მასზე ოპოზიციური მედიის ლოგოები სისხლიანი ლაქის ფონზეა გამოსახული. თავად მერის თქმით, „სისხლი არაფერ შუაშია და ბანერზე გამოსახულია ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები“.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პრემიერის ანგარიში პარლამენტში

დღეს წლიური ანგარიშით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივა.

სხდომაზე დასწრებას გეგმავს ოპოზიცია, რომელსაც გახარიასთან შეკითხვები აქვს. პრემიერი პარლამენტში მაისის ბოლოს ორჯერ მივიდა. მან კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პრემიერთან ექნებათ შეკითხვები 20 ივნისის საქმეზე, ასევე 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელ დაპირებაზე, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას უკავშირდება.

მურღულიას, აბაშიძეს, მძინარაშვილსა და შონავას საზოგადობრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე უყრიან კენჭს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხ პირს - გია მურღულიას, ზაზა აბაშიძეს, დოდო შონავასა და ბონდო მძინარაშვილს უყრიან კენჭს. მათი კანდიდატურა უმრავლესობამ და უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა შეარჩიეს. სწორედ მათი კვოტით არჩეულ პირებს ამოეწურათ უფლებამოსილების ვადა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გია მურღულიას კანდიდატურას კენჭისყრაზე „ქართული ოცნება“ გაიყვანს, დანარჩენს სამს კი - უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატები. „ოპოზიციის კვოტით“ კანდიდატის დასახელება უმრავლესობას მიღმა დარჩენილი დეპუტატების მინიმუმ 1/4-ს (16 დეპუტატს) შეუძლია.

როგორც რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, მას და მის რამდენიმე თანაგუნდელს კიდევ ერთი კანდიდატის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის დასახელება უნდოდათ, თუმცა გადამწყვეტი გია ბუკიას ხმა იყო, რომელმაც ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

წაიკითხე მეტი.

130 წლის მარიჯანი „მზითვის სარკეში“

25 (12) ივნისი მწერალ მარიჯანის დაბადების დღეა. „მარიჯანი” - 1890 წელს თბილისში დაბადებული მარიამ ალექსიძე-ტყემალაძის ლიტერატურული ფსევდონიმია.

სწორედ ამ ფსევდონიმით იცნობს მწერალს ლიტერატურის მოყვარულთა არაერთი თაობა, რომლისთვისაც მარიჯანი ერთდროულად საბავშვო პოეტიცაა და ღრმა, ლირიკური ლექსების ავტორიც. საბჭოთა ბიოგრაფიულ ლექსიკონებსა და კალენდრებში მარიჯანი „ნაზი განცდებისა და ფაქიზი გრძნობების“ ცნობილი საბავშვო მწერალია, თუმცა იმავე საბჭოთა ცნობარებიდან ირკვევა, რომ მწერალი ქალის შემოქმედებითი ბიოგრაფია ორად არის გაყოფილი.

„თუ წინათ ის თავის ლექსებში უმღეროდა „უღიმღამო საღამოებს“, „დამწვარ ყაყაჩოსა“ და „დაწეწილ ყვავილებს“, დიდი ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ მას სხვა სული ჩაუდგა. მწერალი ნათელ ფერებში გვიხატავს განახლებული ქვეყნის, მისი ადამიანების სიდიადეს, პატრიოტიზმსა და ხალხთა მეგობრობას“, - ვკითხულობთ 1960 წელს, მწერლის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სტატიაში.

თუმცა, ვიდრე „ნათელი ფერების მომღერალი“ გახდებოდა, მარიჯანი უკვე იყო მკაფიო ხმის, მნიშვნელოვანი ქალი-მწერალი. მარიჯანის ლიტერატურული დებიუტი 1916 წელს შედგა, როდესაც დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ტბა”, პირველი ლექსების კრებული კი 1921 წელს გამოიცა:

„თავი დაიხრჩო სიმხიარულემ

ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე,

როცა შევნიშნე, რომ დაფარულად

შენი ღიმილი სხვას შესთავაზე.

ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს

და სურვილები მძლავრად მერევა...

მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს

შენს თავს და შენთან ბედნიერებას?

და ა.შ.“

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ღამის სიბნელეში საღებავის აეროზოლებით აღჭურვილი აქტივისტები გრაფიტის მეშვეობით გამოხატავენ პროტესტს მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელთა შედეგად პუტინი 2036 წლამდე შეიძლება დარჩეს ქვეყნის მმართველად. ისინი ფიქრობენ, რომ ესაა პროტესტის ერთადერთი შესაძლებლობა მას მერე, რაც პოლიციამ დააპატიმრა მოქალაქე, რომელიც მარტო გამოხატავდა პროტესტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG