Accessibility links

კალაძემ „ფეისბუკზე“ დაიწყო პროექტი, რომლითაც ტელეარხებს დაჰპირდა „სიმართლის მუშტს“


„თბილისის მერმა“ კახა კალაძემ „ფეისბუკზე“ დაიწყო პროექტი, რომელიც სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერი ეთერში გასული პროექტი, რომელიც დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა, „მთავარი არხის“ სიუჟეტებში გასული ინფორმაციის გაქარწყლებას დაეთმო. თემატიკა, რომელზეც მერმა ყურადღება შეაჩერა მერიის საქმიანობას ეხებოდა და მოიცავდა სიუჟეტებს მიწისქვეშა პარკინგის, საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეების დახმარების, „მზიურის პარკის“ შესახებ და სხვ. პირდაპირ ეთერში დედაქალაქის მერს დაახლოებით 3.5 ათასი მომხმარებელი ადევნებდა თვალს. კალაძე მოქალაქეებს ჰპირდება, რომ პროექტი გაგრძელდება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ მეგობრებო, ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე“, - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ პროექტი არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუმცა ეს არის ტყუილისა და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ კალაძემ სამი ტელეკომპანია („მთავარი არხი", „ფორმულა" და „პირველი“) აიღო სამიზნედ და რამდენიმე საათით ადრე „ფეისბუკში“ გააზიარა ანონსისთვის განკუთვნილი ბანერი, რომელზეც მათი ლოგოები დამახინჯებულად იყო დატანილი. ამასთან, მათ უწოდა „მთავარი სიცრუე“, „სიცრუის ფორმულა“ და „პირველი სიცრუე“. მანამდე კი დედაქალაქის მერმა ასეთი დაპირება გასცა: „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება“.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის თბილისის მერის ნაბიჯი უარყოფითად შეაფასა. მათ კალაძის ნაბიჯში დაინახეს რისკი, რომ წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინს. მათი განცხადებით, კახა კალაძის მოქმედება უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG