Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის შესახებ.

დოკუმენტის პრეზენტაციაზე სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იქცა შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლად. პომპეოს თქმით, აშშ ვერ იქნება გულგრილი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა არ იღებს საკმარის ზომებს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ყველას შეახსენა, რომ გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა დახმარება შეუზღუდა 15 ქვეყანას, რომელსაც ტრეფიკინგის შესახებ 2019 წლის ანგარიშში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში საქართველო კიდევ 33 ქვეყანასთან ერთად პირველ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ სრულად აკმაყოფილებს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის სტანდარტებს და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომების მიღებას განაგრძობს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ურჩევს, უფრო აქტიურად გამოიძიოს და დასაჯოს ადამიანებით მოვაჭრეები, უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს განსაკუთრებით, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ქართველ და უცხოელ მსხვერპლთა გამოსავლენად, უზრუნველყოს დაზარალებულთა მონაწილეობა გამოძიებასა და სასამართლო განხილვებში, აამაღლოს სამართალდამცავთა შესაძლებლობები და კვალიფიკაცია ფულის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საკითხებში, გაზარდოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობა და რეგულარულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია საქმიანობაზე, რომელსაც მთავრობა ტრეფიკინგთან საბრძოლველად ეწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG