Accessibility links

გახარია: რუსეთი პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსული ოკუპაცია რჩება მთავარ გამოწვევად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება: „ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი“.

გახარიას თქმით, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ყველა სახელმწიფო სერვისი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად და პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რომელიც გადის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე.

გახარიას თქმით, უპირობოდ უნდა აღდგეს გალის და ერგნეთის შეხვედრები და, ასევე, საერთაშორისო დონეზე გაგრძელდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG