Accessibility links

„გოიმები და ჯიგრები“


ავტორი: არჩილ ნადირაძე

ქართული პოლიტიკის ისტორიაში რამდენი „ჟარგონი“ არ თქმულა, მაგრამ რაც ამ ბოლო 2-3 დღეში ითქვა რაოდენობრივად აჭარბებს ყველა ერთად აღებულს, რაც აქამდე გაჟღერებულა. მათგან მარგალიტებს წარმოადგენდნენ „ჩარეცხილები“, „ნაძირლები“, „კეთილები“, სხვათაშორის ახალი ტენდენცია წამოვიდა ამა თუ იმ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანების მიმართ ტერმინ „კლასტერის“ გამოყენება. თუმცა, ის კი უნდა აღინიშნოს, რომ გახარიას ერთ-ერთი წინაბორბედისაგან განსხვავებით ამჟამინდელი მთავრობის წევრები თუ ოპოზიცია ოჯახის წევრებისა და კეთილების მოკითხვისაგან თავს იკავებენ, ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთებას მიკროფონთან მაინც ერიდებიან. საერთოდ ქართული პოლიტიკა, არამხოლოდ დღეს, არამედ ათწლეულებია უკვე ერთგვარ ტრაგიკომედიულ სპექტაკლადაა გადაქცეული, რომელშიაც ძირითადად ორი მხარე (აქა იქ ვიღაცეებიც ჩაერთვებიან ხოლმე წუთიერად) ერთმანეთს ლანძღვა-გინებაში, დაცინვაში და დამცირებაში ეჯიბრება, ამ ყველაფრის შემყურე მაყურებელი კი დარბაზშია ჩაკეტილი, ოღონდ გარედან.

წლევანდელი წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, თუმცა „კორონავირუსის“ გამო გამოწვეულმა საერთაშორისო LOCKDOWN-მა საარჩევნო კამპანიები თვითიზოლაციაში მოაქცია, მაგრამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს და გავაანალიზებთ, მარტივად მისახვედრია, რომ წინასაარჩევნო პროცესების დუღილის ტემპერატურა სწრაფი ტემპით იმატებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საზოგადოებას თავიანთი საარჩევნო პროგრამა, მათი პრიორიტეტები, ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში განსახორციელებელი გეგმები გააცნონ, დაპირებები მაინც გასცენ, მაგრამ, როგორც ჩანს წელს რაღაც ნოვაციური წინასაარჩევნო პერიპეტიები გველოდება.

მართალია პრემიერ-მინისტრი 27 მაისს პარლამენტის წინაშე კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ მოხსენებით უნდა წარმდგარიყო, 29 მაისს კი იგი ოპოზიციამ ინტერპელაციის წესით დაიბარა, თუმცა პირველ და მეორე შემთხვევაშიც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები მხოდ პარლამენტში მისულ პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძის გარდა კაციშვილს არ ანაღვლებდა. განსახილველი თემა ჯერ იყო და კორუფციის „ქართულ ჯიგრულ პონტად“ მონათვლამ გადაფარა, შემდეგ კი პოზიცია-ოპოზიციას შორის იმის გარკვევამ ვინ უფრო „გოიმი“ და „სვეტია“. ისე პარლამენტარების შემხედვარე კლასიკური გაგებით „გოიმობა“ არც ერთ მათგანზე ითქმის და „სვეტობას“ უფრო „აწვებიან“ ამ მხრივ, თუ იმით შევაფასებთ, რომ ავტომობილები, ტანსაცმელი, აქსესუარები თუ სხვა რამ მუდამ ძვირადღირებული ბრენდების აქვთ რაც სკანდალის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. აი პოლიტიკური „გოიმობით“ კი ოპოზიცია ჯობნის პოზიციას, თუ პირიქით, ეს ცოტა არ იყოს რთული გასარკვევია.

ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 1-ელ საუკუნეში, რომის იმპერატორმა გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსმა თქვა - „მიეცით ხალხს პური და სანახაობა“. არც იმპერატორები გვყოლია და პურისაც რა მოგახსენოთ, მაგრამ პურნაკლულ საზოგადოებას სანახაობას არც ერთი მთავრობა გვაკლებდა, ახლაც მეტისმეტი მონდომებით ზრუნავენ ემანდ ჩვენ საყვარელ ხალხს სანახაობა არ მოკლდეს და პურს რამენაირად იშოვიანო. ამ ცნობილი გამონათქვამის წარმოთქმიდან 21 საუკუნეზე მეტი გავიდა, ქვეყნების ნაწილმა მეცნიერების, განათლების, კულტურის და ზოგადად განვითარების მაღალ/უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, საქართველოში კი მის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მხოლოდ იმაზე ზრუნავენ რამენაირად მაყურებელს მათ მიერ დადგმული მრავალჯერადი სანახაობა არ მოაკლდეს. იცვლებოდა და იცვლება მსახიობები, რეჟისორები, მაყურებლებიც კი, თუმცა სპექტაკლის შინაარსი და მოტივები იგივე რჩება.

სხვათაშორის სცენაზე ნელ-ნელა, მსახიობთა მესამე ნაწილი ილანდება, თუმცა ჯერ არჩევნებამდე არის კიდევ საკმარისი დრო იმისათვის, რომ მაყურებელს თავიანთი შესაძლებლობები დაანახონ. სარკაზმის გარეშე, მეც და ალბათ არა მხოლოდ მე, ვფიქრობ, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება ის პოლიტიკურად „არაგოიმური“ ძალა, რომელიც, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმისა არ იყოს, საზოგადოების, ამომრჩევლის იმ ნაწილის მოთხოვნებს უპასუხებს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ არც „გოიმები“ და არც „ჯიგრები“ არ უნდა, აღარც სანახაობის მაყურებლის როლი ხიბლავს და პურის მზამზარეულად მირთმევის თუ არა მისი გამოცხობის საშუალებას მაინც მისცემს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG