Accessibility links

სესიაშვილი კახიძეს: თქვენნაირი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ დასაშვებია პოლიციელს ბრბოში სცემდე


პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, ოთარ კახიძეს მიმართა, რომ მას პოლიტიკური ამნეზია აქვს.

პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშს უსმენენ, სესიაშვილმა გადაწყვიტა, გიორგი გახარიას პასუხის მოსმენამდე თავად გაეცა პასუხი კახიძისთვის, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ ახსენა გახარიამ 20 ივნისის მოვლენები და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას.

ირაკლი სესიაშვილის გადაწყვეტილებამ, ოთარ კახიძისთვის ეპასუხა, „ევროპული საქართველოს“ წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

სესიაშვილმა ოპონენტებს მოსმენის უნარი დაუწუნა, შემდეგ კი განაცხადა, რომ 20 ივნისი მასაც ახსოვს, ეს იყო ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ძალიან მძიმე დღე და წუხს იმის გამო, რომ თანამოქალაქეებმა, მათ შორის პოლიციელებმა, მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები.

„მაგრამ ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში თქვენნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია, სამი საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში სცემდე და დასაშვებია თურმე, თქვენნაირი პოლიტიკოსებისთვის, რომ შტურმით შემოხვიდე და პოლიტიკური გარემო ამ ქვეყანაში შეცვალო“, - მიმართა სესიაშვილმა კახიძეს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა „ევროპული საქართველოს“ წევრს ისიც უთხრა, რომ პოლიტიკური ამნეზია აქვს და 20 ივნისის უკან ვერ იყურება: „თუ გინდათ, რომ ამნეზიაზე იმკურნალოთ, ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ თქვენ პოლიტიკურ პარტნიორებს კითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონისა თქვენი პოლიტიკური წარსულის“.

სესიაშვილის განცხადებითვე, „ძალადობით და რევოლუციური გზებით შეჭრა-შემოჭრა“ ოპოზიციას არასდროს გამოუვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG