Accessibility links

ევროკომისია საზღვრების გახსნის რეკომენდაციაზე 26 ივნისს კიდევ ერთხელ მსჯელობს


European flag EU Union

ევროკომისია 26 ივნისს განიხილავს საბოლოო სიას იმ ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ.

საქართველო წინასწარ, 24 ივნისს გამოქვეყნებულ სიაში ვერ მოხვდა. ეს არის სია ქვეყნებისა, რომლებისთვისაც 1-ლი ივლისიდან საზღვრის გახსნის რეკომენდაციით გამოდის ევროკავშირის კომისია.

საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის და ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ ორმხრივად გადაწყვიტონ ურთიერთმიმოსვლის საკითხი და სია აიოლებს რეკომენდაციების გათვალისწინებას.

თავდაპირველ სიაში 47 ქვეყანა იყო და მასში საქართველოც შედიოდა. მოგვიანებით საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამოიღეს სიიდან. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ევროკავშირში, კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად შესწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი, გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს ამ პრობლემას. საქართველო, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, განსახილველ ქვეყანათა სიაში არის და, როგორც წყარო ვარაუდობს, კვლავ შეყვანილი იქნება ჩამონათვალში.

"1 ივლისისთვის, წევრი ქვეყნები უნდა იყვნენ ვითარებაში, როცა შესაძლებელი იქნება მგზავრობაზე დაწესებულ შეზღუდვებზე შეთანხმება დანართში მოტანილ ქვეყნებთან. ამ ქვეყნებში შედარებით ან უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ვიდრე საშუალო მონაცემი ევროკავშირის სივრცეში და მონაცემები, რომლებიც ამ ქვეყნებზე გვაქვს, საკმარისად მტკიცეა საიმისოდ, რომ ჩავთვალოთ - მათ ადგილზე პანდემიასთან გასამკლავებლად საკმარისი შესაძლებლობები აქვთ (ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების გამოვლენა, შეკავება, მკურნალობა და აღრიცხვა)", - წერს ევროკავშირის კომისია სარეკომენდაციო წერილში.

კომისია დასძენს, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

როგორც როიტერსი იტყობინება, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამ მომენტისთვის ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება შეიძლება არ მიეცეთ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვ.

ევროკომისიის რეკომენდაცია ეხება შენგენის ზონის ქვეყნებს, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, ასევე ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG