Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ უპასუხა ზელიმხან ხანგოშვილის საქმის შესახებ შეკითხვას


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის ფარგლებში მიმდინარე მოსმენაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმის შესახებ. პრემიერმა დეპუტატს უპასუხა, რომ მოვლენებს წინ ნუ უსწრებს.

„ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ. ეს საქმე რომ გაიხსნება, თქვენ მაგივრად, თქვენნაირი სპეკულირების გარეშე, საბოლოო შედეგები რომ დადგება, ნახავთ, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მერე ვილაპარაკოთ. ნუ გარბიხართ ამაზე წინ, რა“, - თქვა გახარიამ.

23 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბერლინის მოაბიტის რაიონში თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ზელიმხან ხანგოშვილს და შემდეგ სცადა ველოსიპედით მიმალულიყო. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, სავარაუდოდ, რუსეთის 49 წლის მოქალაქე და ამოიღო მკვლელობის იარაღი, პისტოლეტი, რომელიც ბოროტმოქმედმა მდინარე შპრეეში გადააგდო.

ზელიმხან ხანგოშვილი, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, ცნობილია, როგორც ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე, რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული. ერთი წლის წინ გერმანული მედია წერდა, რომ ხანგოშვილი 2015 წელს თბილისში თავდასხმის დროს დაჭრეს, რის შემდეგაც იგი გერმანიაში ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ გერმანიის ფედერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაცია დაავალეს პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG