Accessibility links

ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაციას 27 ივნისის საღამოს მიიღებს


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 26 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში იმსჯელეს იმ ქვეყნების საბოლოო სიის გარშემო, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან. წარმომადგნელებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჩამონათვლის გარშემო, მაგრამ ახლა საჭიროა წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან დასტური.

საქართველო არის სიაში, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.

ევროკავშირის საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო ცალკეული სახელმწიფოებისთვის არ არის, მაგრამ ამარტივებს ორმხრივ შეთანხმებებს სახელმწიფოთა შორის.

ევროკომისია თავდაპირველად განიხილავდა სიას, სადაც 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შედიოდა. 24 ივნისს საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამოიღეს სიიდან. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ევროკავშირში, კავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, თუ რამდენად შესწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი, გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს ამ პრობლემას.

ამავე დროს საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას მხარდაჭერას უცხადებდნენ სხვა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები,

საბოლოო ჯამში, სარეკომენდაციო სიაში, რომელიც 47-იდან 15 ქვეყნამდე შემცირდა, საქართველო კვლავ დაბრუნდა.

სიაში, რომელზეც 26 ივნისს იმსჯელეს, ასევე შესულია ჩინეთი, ერთი დათქმით - ჩინეთის მხრიდანაც უნდა გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი.

კომისია დასძენს, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გადაწყვეტილების მიღებისას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. სარეკომენდაციო სიის პროექტის მიხედვით, რომლის ნახვის საშუალება რადიო თავისუფლებას ჰქონდა, პირველი ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცემათ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG