Accessibility links

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გორის ოფისის დარბევაზე პასუხისმგებლობა გუბერნატორსა და მის ძმას დააკისრა


26 ივნისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის დარბევაზე პარტიის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა პასუხისმგებლობა შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილსა და მის ძმას დააკისრა. გუბერნატორის ძმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილია.

"დღეიდან რაც კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მისამართით იქნება განხორციელებული ამგვარი ინციდენტები, პასუხისმგებლობას ვაკისრებ ძმებ ხოჯევანიშვილებს, ვინაიდან მათი და სუს-ის გარეშე, ასეთი დაგეგმილი ინციდენტები არ ხდება. სწორედ მათი დავალებით შესაძლებელია მომხდარიყო გუშინდელი ფაქტი", - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა, რომლის თქმითაც, დაკავებული თავდამსხმელი დავით შოთაშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

ბასიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გიორგი ხოჯევანიშვილის პოზიცია გაავრცელა. ადმინისტრაციის განცხადებით, გუბერნატორი "აბსურდის თეატრსა" და მსგავს "არასერიოზულ ცილისწამებაზე" კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

26 ივნისს "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლებმა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1969 წელს დაბადებული დავით შოთაშვილი დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG