Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავს ქართულად ულოცავს


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების 6 წლისთავს ქართულად ულოცავს. მან მილოცვის ტექსტი ტვიტერში გამოაქვეყნა.

"გილოცავთ ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საყრდენის, ევროკავშირ - საქართველოს ასოცირების შეთანხმების 6 წლისთავს", - ვკითხულობთ ტვიტში.

ჰარცელის მისალოცი ვრცელი ტექსტი კი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

"ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან "ერასმუს+"-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას", - აცხადებს ის.

ამავე მისალოც ტექსტში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად იმუშავებს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნაში.

"მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში", - აღნიშნავს ელჩი.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს ხელი ზუსტად 6 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG