Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი რურუას საქმეზე: სასამართლოს არ უნდა მიუთითონ, შესაძლებლობა უნდა მისცენ, კანონით იხელმძღვანელოს


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, სასამართლოს მისცეს შესაძლებლობა, კანონის შესაბამისად წარმართოს პროცესები. ასუ უპასუხა რურუას გათავისუფლებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვას მან "TV პირველის" ეთერში.

"ვაძლევ რჩევას ივანიშვილს, მისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არის, რომ სასამართლოს მითითება კი არ მისცეს, მისცეს შესაძლებლობა, რომ პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნით და არა პოლიტიკური დაკვეთით", - თქვა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში სასამართლო რურუას მინიმუმ თავდებით გაათავისუფლებს და "ნაციონალური მოძრაობა" კი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს:

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გასაგებია მოწოდებები კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ეს ჩვენი სურვილიც არის და ამიტომაც დავთანხმდით ამ საკონსტიტუციო მოდელს და, შესაბამისად, მზად ვართ, ორშაბათს დავუჭიროთ მხარი, თუ მანამდე გადაიდგმება რაიმე ნაბიჯი გიორგი რურუასთან მიმართებაში. ეს გვეფიქრებინებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულდება".

ორშაბათს, 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

მეორე მოსმენით კენჭისყრის პროცესმა აჩვენა, რომ კანონპროექტი ჩაგდების ზღვარზე იყო. დეპუტატების მობილიზების შემდეგ დოკუმენტმა საჭირო რაოდენობაზე მხოლოდ ორი ხმით მეტი - 115 ხმა დააგროვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG