Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდსტატუსის გაყალბების საქმეზე სუს-მა ხათუნა სამნიძის გამოკითხვა დაასრულა


თბილისის საქალაქო სასამართლოში "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის გამოკითხვა დასრულდა. მას კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კოვიდსტატუსის გაყალბებაზე დაწერილი კომენტარების შესახებ უსვამდნენ.

"რატომ ვარ ამ საქმეში მოწმის სტატუსით, ჩემთვის ახლაც გაუგებარია რისი მოწმე შეიძლება ვყოფილიყავი... მთავარი შეკითხვა იყო, ვისგან მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა კოვიდსტატუსი ყალბდება", - თქვა მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად ხდება საფრთხე ადამიანებისთვის, რადგან ის ემორჩილება ერთ ადამიანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამავე საქმეზე ორი დღის წინ "მთავარი არხის" რესპონდენტებიც გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიამ დეზინფორმაცია გაავრცელა.

მასალა "მთავარ არხის" ეთერში 20 ივნისს გავიდა. მასალაში ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვალებულისთვის კოვიდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ "ცრუ შეტყობინებების" გაგზავნის დროს დაიწყეს.

ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ არ გამორიცხავენ ამ საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტების დაბარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG