Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიაციის ამაღლებული, მაგრამ არა მავნე დონე აღირიცხა ბალტიის ზღვის არეალში, რუსეთი აცხადებს, რომ არაფერი შეუმჩნევია


 CTBTO-ს გენერალური დირექტორი, ლასინა ზერბო
CTBTO-ს გენერალური დირექტორი, ლასინა ზერბო

მსოფლიო სამეთვალყურეო ქსელმა ამ კვირაში შენიშნა რადიოაქტიური იზოტოპების „ჩვეულებრივზე მაღალი დონის“ შემცველობა ატმოსფეროში, რომელიც გაისინჯა შვედეთში მდებარე სადგურში. ვარაუდობენ, რომ იზოტოპები ბალტიის ზღვისპირეთიდან წამოვიდა.

ორგანიზაციამ 26 ივნისს განაცხადა, რომ მის მიერ დაფიქსირებული დონე არ არის „მავნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ბირთვული გამოცდების შესახებ ხელშეკრულების ფართო ორგანიზების მოსამზადებელი კომისიის (CTBTO) ხელმძღვანელმა, ლასინა ზერბომ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ სამი, სამოქალაქო ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთიერების, ცეზიუმ-134-ის, ცეზიუმ-137-ის და რუთენიუმ-103-ის დონის ამაღლება შეინიშნა 22-23 ივნისს. მან გამოყო რეგიონები: დასავლეთი რუსეთი, სანქტ პეტერბურგის ჩათვლით, ასევე ესტონეთი, ფინეთის სამხრეთი და შვედეთი, როგორც ამ რადიოაქტიური ნაწილაკების „შესაძლო წყარო“ ბოლო 72 საათის განმავლობაში.

რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს სამეთვალყურეო სამსახური, როსჰიდრომეტი აცხადებს 27 ივნისს, რომ მას არ შეუნიშნავს რადიაქტიურობის ამაღლება.

CTBTO-ი ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო სადგურებს, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოცდის გამოსავლენად.

„ეს ატომის გახლეჩის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტებია და, დიდი ალბათობით, მათი წარმომშობი სამოქალაქო წყაროა“, განაცხადა ვენაში დაფუძნებული CTBTO-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დასძინა, რომ შეგვიძლია სავარაუდო რეგიონი დავადგინოთ, მაგრამ ზუსტი წარმომავლობის დადგენა ჩვენი ამოცანა არ არისო.

გრინპისმა დააკონკრეტა რადიოაქტიური ნივთიერების ატმოსფეროში გაჟონვის შესაძლებელი ობიექტები. „პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს კოლის ატომური ელექტროსადგური, რომელსაც ოთხი მოძველებული რეაქტორი აქვს, ასევე - რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ატომური წყალქვეშა ნავების ატომური ყინულმჭრელების ბაზა ბარენცის ზღვაში. იზოტოპების გაჟონვა შესაძლებელია მომხდარიყო ასევე ჩერნობილის ტიპის სამ რეაქტორზე, რომლებიც მუშაობს ლენინგრადის ატომურ ელექტროსადგურზე, ან ერთ-ერთ ახალ რეაქტორზე“, ნათქვამია გრინპისის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG