Accessibility links

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს


დაკავებულ 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი გუშინ, 26 ივნისს დილით დააკავეს. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული.

პროკურატურის ვერსია

2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 23 საათზე მცხეთაში შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

ამავე დღეს გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე - მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება.

ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ შეკრიბეს სხვა პირები, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და მცხეთის მუნიციპალიტეტში წაიყვანეს. ვ.ჩ-ს TOYOTA CAMRY-ის მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ.-ს ავტომობილში - თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ., რომელმაც თან წაიღო რკინის ჯოხი. ისინი 19 ივნისს, დაახლოებით, 00:30 საათზე მცხეთის მიმართულებით წავიდნენ, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ. გამოძიების ვერსიით, გ.მ. და ლ.შ. მათ დაზარალებულების ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას.

პროკურატურა განმარტავს, რომ მცხეთაში ჩასული 6 პირი (ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., ნ.ჟ.), რომელსაც მცხეთაში მყოფი გ.მ. და ლ.შ. შეუერთდნენ თავს დაესხნენ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს და მათგან სამს (გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს) ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

"თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კონფლიქტი, დაახლოებით, 00:50 საათზე გაგრძელდა და მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას.

"საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ "ლუკოილის" ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.

ამის შემდეგ გაგრძელდა თუ არა კონფლიქტი ან ვინ მონაწილებოდა მასში, უცნობია. პროკურატურას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG