Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება": ჩვენი ვალია ნათელაშვილის განცხადების გამო ბოდიში მოვუხადო გერმანიის ელჩს


მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ "რადიკალური ოპოზიციის" ლიდერები ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართული და ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს თავს ესხმიან. ასე შეაფასეს "ქართულ ოცნებაში" გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიმართ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების კრიტიკული კომენტარები.

"ვფიქრობთ, რაც უფრო ღრმად შევა რადიკალური ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, მისი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც, მასთან ერთად, გარკვეულ ზიანს ჩვენს ქვეყანასაც მიაყენებს. ამდენად, ამგვარ უპასუხისმგებლობაზე მყისიერი რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მმართველ პარტიაში ანტიდასავლური კამპანიის კულმინაცია უწოდეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებებს. ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში დაადანაშაულა და გერმანიის მთავრობას მისი გაწვევა სთხოვა. გიგა ბოკერიამ კი მას "თარგმანში დაკარგული" უწოდა.

"ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო", - აღნიშნავს "ქართული ოცნება".

გუშინ, 26 ივნისს გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.

"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. ორშაბათს, 29 ივნისს კი საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG