Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული ძალების მზარეულებს ცნობილი „შეფები“ გადაამზადებენ


პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, დაიწყება 1 ივლისს, წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში.

პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ.

„ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და შეფმზარეული მაია კაციაშვილი ქართულ ჯარში მომუშავე შეფმზარეულებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს 44 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი, საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.

პროექტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG