Accessibility links

პროკურორი: არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები გამოძიებას სრულად არ აწვდიან ინფორმაციას და ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც მათ ჩვენებებში არ არის.

პროკურორის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ჩვიდმეტივე პირის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.

„რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობდა საფუძვლები, ბრალდებულების პიროვნებების, მათი მოქმედებების და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოეყენებინა პატიმრობა.

საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების, ეს არაა უბრალოდ სიტყვები, ეს გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებებში არ არის“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორის თქმით, „საქმეზე გამოკითხულია უამრავი მოწმე, დაახლოებით 60 ადამიანი. ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ასევე, ამოღებულია ვიდეომასალა, რომელიც ასახავს როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევის ადგილს“, - განაცხადა პროკურორმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG