Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიით გაწერილი ღონისძიებების მხოლოდ 16%-ია შესრულებული


"2017 წელს ქვეყანაში პირველად დამტკიცდა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია“. სტრატეგიის დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალიზაციას და გაუმჯობესებას საჭიროებს. კერძოდ, რისკის შემცირების სტრატეგიით არ არის გათვალისწინებული წყალდიდობის პრევენციისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სამოქმედო გეგმა არასრულყოფილია, ხოლო გაწერილი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილია (16%) შესრულებული. გეგმით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავადებული და შეუსრულებელია", - დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეკუთვნის, რომელმაც წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობა შეისწავლა.

აუდიტის სამსახურის თანახმად, წყალდიდობების პრევენციაში ჩართულ უწყებებს შორის არ არის საკმარისი კოორდინაცია ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტულობის დასადგენად. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც სტრატეგიული დოკუმენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული არ არის, ხოლო პარალელურად ამ გეგმით განსაზღვრული პროექტები, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხორციელდება. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს (ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებით, 2017-2019 წლებში 116 ღონისძიება), თუმცა ეს ღონისძიებები სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ იყო.

ანგარიშის მიხედვით, წყალდიდობების პრევენციის მიმართულებით არსებული რისკის შემცირების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, საინფორმაციო ბაზა (რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს დაგეგმილი ღონისძიებები) და დაფინანსების სისტემა ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას. რაც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

  • რისკის შემცირების სტრატეგიით არ არის გათვალისწინებული წყალდიდობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
  • სამოქმედო გეგმა არასრულყოფილია, ხოლო გაწერილი ღონისძიებების მხოლოდ მცირე ნაწილია შესრულებული. გეგმით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი გადავადებული და შეუსრულებელია.
  • 2019 წელს არ განხორციელებულა სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი.
  • მეთოდოლოგიური ნაკლოვანებებია სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვის მიმართულებით. სხვადასხვა უწყება (მუნიციპალიტეტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) განსხვავებული კლასიფიკაციით აღრიცხავენ კატასტროფებს.
  • ზარალის დათვლის მეთოდოლოგია შემუშავებული არ არის. მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან ზარალს, რის გამოც ვერ დგინდება არსებული ზარალის რეალური მოცულობა.
  • საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების დაფინანსების სისტემა და მოდელი, არ არის მკაფიოდ ორიენტირებული პრევენციისა და მზადყოფნის ღონისძიებებზე. პრევენციის მიმართულებით არსებული დაფინანსება უწყებრივად განაწილებულია, არ ატარებს პროგრამული ბიუჯეტირების შინაარსს და არ იძლევა მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვის შესაძლებლობას. შესაბამისად, შეუძლებელია უწყებების მიხედვით წყალდიდობების პრევენციის მიმართულებით გაწეული ზუსტი ღონისძიებების იდენტიფიცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG