Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა


მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და კვლავ პატიმრობაში დატოვა „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა.

გამოკვეთილი ახალი გარემოებების არარსებობის გამო, ბრალდების მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას არ იზიარებდა. პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოწმის დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს რურუას მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმეზე დღეს დაკითხული პოლიციელის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში ასახავს, ამასთან, პატიმრობის 10-ათასლარიანი გირაოთი შეცვლის საფუძვლები მან ვერ დაინახა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. თავად რურუა ამბობს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

„პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის მხარდაჭერის პირობად ასახელებდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი განცხადებით, რურუას გათავისუფლება ხელისუფლებასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

საკონტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრამდე სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან გამართულ აქციაზე კვლავ მოითხოვდნენ რურუას გათავისუფლებას.

პარლამენტმა საკონტიტუციო ცვლილებები 117-ით ხმით 3-ის წინააღმდეგ 29 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. მეორე და მესამე კენჭისყრაში მონაწილება არ მიუღიათ "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას".

24 ივნისს, ფეისბუკით გავრცელდა გიორგი რურუას განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. საპასუხოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მედიას უთხრა, რომ რურუას ვაჟკაცური განცხადება მისასალმებელია, თუმცა, პოზიციის შეცვლას და მის გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG