Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი გერმანიის ელჩზე: თავის ნებაზე არ ლაპარაკობს, მის უკან სახელმწიფო დგას


"ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადება არ შეიძლება აღქმული იყოს ერთი ადამიანის აზრად და მის უკან მთელი სახელმწიფო დგას. სწორედ ამიტომ, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიაჩნია, რომ დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოზიცია უნდა დააფიქსიროს შალვა ნათელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

"რასაკვირველია, ვალდებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, გამოხატოს, ხაზი გაუსვას, რომ ეს არ არის პოზიცია, რომელსაც იზიარებენ სხვა პოლიტიკური პარტიები... ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და არანაირი არაობიექტურობა ამ ადამიანს არ გამოუჩენია. ეს არ არის ერთ-ერთი ადამიანი ან ერთადერთი, რომელიც თავის თავის ნებაზე ლაპარაკობს. მის უკან არის სახელმწიფო და ეს სახელმწიფო ეხმარება საქართველოს", - თქვა ვოლსკიმ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩი, ჰუბერტ კნირში რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში დაადანაშაულა და გერმანიის მთავრობას მისი გაწვევა სთხოვა. ამას წინ უსწრებდა 26 ივნისს გერმანიის ელჩის განმარტება 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.

"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. სწორედ ამიტომ მათ არ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მონაწილება. პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG