Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ


​8 მარტის შეთანხმებაში ჩართული ფასილიტატორი ელჩები საქართველოს პარლამენტს არჩევნების საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავენ. საერთო განცხადებაში კვლავ აღნიშნულია, რომ ცვლილებები პარტიებს შორის კომპრომისის შედეგად არის მიღწეული.

"ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში]", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფასილიტატორები ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებენ, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. მათი აზრით, ეს რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას.

"8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ელჩები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ ახსენებენ საკუთარი როლის შესახებ:

"დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას".

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებები. დოკუმენტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. მიზეზი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებაა. მათი განმარტებით, რურუა პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG