Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს


საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე, საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, მას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რის შემდეგაც ის ამოქმედდება. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტს, მის ყველა იმ წევრს, ვინც მხარი დაუჭირა ცვლილებას, პრეზიდენტი, ასევე მადლობას უხდის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურად ყველა ემხრობა ამ ცვლილებებს.

პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს საქართველოს პროგრესის, სტაბილურობისა და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

„მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით და არა მხოლოდ კონსტიტუციით, მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. ამისთვის გადავდგი მე თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიღაც შეთანხმებაში ეწერა, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხიმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას. დღეს სწორედ, გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს პროცესში ელჩების (ფასილიტატორების) როლს და მათ მადლობას უხდის. მისი შეფასებით, დიპლომატების მონაწილეობა სტაბილურობის გამყარებისკენ იყო ორიენტირებული.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ყველასთვის ცნობილია, რომ წინ არის რთული პერიოდი. „ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველანი ერთად. მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც გვჯერა, რომ პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს“, - დაამატა პრეზიდენტმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. 3 წინააღმდეგი იყო - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ყოფილი წევრები, უფრაქციო დეპუტატები ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია და დმანისი-წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფრაქციის "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარეა.

კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

დღევანდელ სხდომას არ დაესწრნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა. ისინი საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილად აცხადებენ „პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას და მის შესრულებას ასახელებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG