Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო


ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. შესაბამისი წერილი, რომელიც 24 ივნისით არის დათარიღებული, შენგელიას უკვე ჩაბარდა. მას აცნობეს, რომ საქმეს კომისია მის დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

"გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთი თვის პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ - ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მოკრძალებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს", - ვკითხულობთ შენგელიასთვის მიწერილ წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ მას მოსაზრებების წარდგენისთვის ვადა 30 ივნისამდე აქვს.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებს და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებს. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

"ამ საქმის ირგვლივ, რომელზეც ფორმალურად დაწყებულია წარმოება, არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რაც წერილში წერია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ჩემს აქტივობას. როგორც ჩანს, არ მოსწონთ. ვუკავშირებ სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელსაც და მომავალ არჩევნებსაც. შეიძლება, წინასწარ პრევენციასაც ფიქრობენ. ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ არის, ამაში დარწმუნებული ვარ", - ამბობს შენგელია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

რადიო თავისუფლება ბაჩანა შენგელაიას წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლების განსამარტად იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მიღებისთანავე მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG