Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე ეხმაურება გერმანიის ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „ფეისბუკზე“ ეხმაურება გერმანიის ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მის დანაყოფებთან და ენჯეოებთან ერთად, საბოლოოდ მოიჭრა თავი ევროპასა და ამერიკაში, როცა გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ორკესტრირებულად დაესხა თავს ცრუ ბრალდებებით. ის რაც, სამწუხაროდ, გასდით ქართულ საზოგადოებასთან, არ გაუვიდათ გერმანიასთან.

ვფიქრობ, ოპონენტმა პარტიებმა და ენჯეოებმა ერთობლივად მიიღეს უბრალოდ ცივი კი არა - ძალიან ცივი შხაპი აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოსგან ერთობლივად”, - წერს კილაძე.

26 ივნისს „ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი გიგა ბოკერია გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განცხადებას, რომელიც ეხებოდა 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას.

„თანავუგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, არ ვიცი. თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ, აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან”, - თქვა ბოკერიამ.

მოგვიანებით, ბოკერიამ ისიც დაამატა, რომ სასურველია, ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს და ასეთ მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა კი, ელჩის განცხადებას უწოდა - "გარკვეულწილად დიპლომატიური შეცდომა".

პოლიტიკოსების გამოხმაურება კნირშის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები.

„8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება “, - თქვა კნირშმა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა.

გერმანიის ელჩს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და დაგმო საქართველოში კნირშის მიმართ პოლიტიკური პარტიებისა და მედიასაშულებების თავდასხმებს.

პოლიტიკოსების განცხადებებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გერმანელი დიპლომატის მიერ გამოთქმული მოსაზრება. ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შორის დაპირისპირების თემას.

53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართა, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, რომელიც, მათი თქმით, არ აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის აუცილებელ პირობებს.

გერმანიის ელჩმა შეშფოთება გამოხატა სოფო კილაძის მისამართით კრიტიკის გამო.

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მიუღებლად პოლარიზებულია პოლიტიკური ლანდშაფტი”, - აღნიშა კნირშმა.

განცხადების ხელმომწერების განმარტებით, სოფიო კილაძის მიმართ სამოქალაქო სექტორის დამოკიდებულება პერსონალური თავდასხმა კი არა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრინციპების უგულებელყოფის ხაზგასმაა.

„გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს. მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევას", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG