Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დანაშაულთა ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გადადგება


ჰაშიმ ტაჩი
ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი აცადებს, რომ "დაუყოვნებლივ გადადგება", თუკი ჰააგაში მოსამართლე დაადასტურებს მისთვის წაყენებულ ომის დანაშაულთა ბრალდებებს - მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც უკავშირდება 1998-1999 წლების კოსოვოს დამოუკიდებლობის ომს.

მოსახლეობისადმი წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, ტაჩიმ უარყო მისთვის წაყენებული "ყალბი" ბრალდებები და, მისი ოფისის მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად, განაცხადა: "ჩემი გული ნატკენია, მაგრამ გატეხილი არ არის. ჩემი გონება დამძიმებულია, მაგრამ არა გაბუნდოვანებული. ჩემი სისხლი გახურებულია, მაგრამ სუფთაა".

ტაჩის გამოსვლის ფონია ჰააგაში 24 ივნისს საგანგებო პროკურორის მიერ გამოცხადებული ბრალდება, რომ ტაჩი და კოსოვოს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი, კადრი ვესელი იმ პირთა შორის არიან, რომლებსაც "სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 100-მდე მკვლელობისთვის" და კიდევ სხვა დანაშაულებისთვის, რომლებიც მოიცავს "ასობით ცნობილ მსხვერპლს კოსოვოელ ალბანელებს, სერბებს, ბოშებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, პოლიტიკური ოპონენტების ჩათვლით".

კონფლიქტის დროს ტაჩი ხელმძღვანელობდა გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელიც მოქმედებდა კოსოვოს გათავისუფლების არმიის სახელით.

ჰააგაში სასამართლოსწინა ეტაპის მოსამართლეს დრო ოქტომბრამდე აქვს იმის დასადგენად, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სასამართლო პროცესისთვის, საქმეში არსებული 10 ბრალდების საფუძველზე - იუწყება საგანგებო პროკურორის სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG