Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა საქართველოს მიულოცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

ბორელის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები გადამწყვეტი მომენტია მეტი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მომავალ არჩევნების გათვალისწინებით. „ყველას გილოცავთ! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას არჩევნებისთვის შემდგომ მზადებაში“, - წერს ტვიტერზე ჯოზეპ ბორელი.

29 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა, პროპორციული წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა. ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ასახელებდნენ „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ოპოზიცია იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებულ რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG