Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიღებულია სადავო კანონი ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ


ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ის 1 ივლისიდან შეიძლება შევიდეს ძალაში. ამის შესახებ South China Morning Post-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. ჩინეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია ოფიციალურად.

პეკინი აღნიშნავს, რომ კანონის მიზანია, ქვეყანაში ხელი შეუშალოს გახლეჩას, სახელმწიფო ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრასა და სხვა მოქმედებებს, რომლებიც მუქარას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამ კანონის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ავტონომიის ტერიტორიაზე შეიქმნება ჩინეთის სპეცსამსახურები.

ადრე დოკუმენტმა კამათი და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია ჰონგ-კონგში. ავტონომიაში მიაჩნიათ, რომ კანონი დაასუსტებს რეგიონის სტატუსს.

კანონს საინფორმაციო სააგენტო სინჰუა გამოაქვეყნებს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა კანონის ტექსტი მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი გახდება.

პეკინის მიერ კანონის მოწონების შემდეგ სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების საკანონმდებლო კომიტეტი განიხილავს ჰონგ-კონგის კონსტიტუციის ცვლილებების საკითხს.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ ახალი კანონი ჩინეთის ხელისუფლებას ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერების საშუალებას მისცემს.

აშშ-მა განაცხადა, რომ აკრძალავს ჰონგ-კონგში იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს. ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, გააუქმოს ავტონომიისთვის მოქმედი შეღავათიანი რეჟიმი. გასულ კვირაში აშშ-ის სენატის მიერ მოწონებული კანონპროექტი სანქციებს ითვალისწინებს ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს. პეკინი დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG