Accessibility links

ქალი, რომლის დაწვაც მამაკაცმა სცადა, კლინიკაშია მოთავსებული


ახალგაზრდა ქალი, სხეულის დამწვრობით, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ქალს სხეულის 37%-ის დამწრობა აქვს მიღებული, ძირითადად ქვედა კიდურებზე.

„პაციენტი გამთენიისას შემოიყვანა 112-ის ბრიგადამ, მას ქვედა კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ამჟამად კონტაქტურია და ადეკვატურია, თუმცა ეს დამწვრობისთვის არის ზოგადად დამახასიათებელი, მისი მდგომაროება სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია“,- ამბობს გუგა ქაშიბაძე.

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1996 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG