Accessibility links

იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო


საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ცვლილებების პროექტით, გარდა იმისა, რომ 120-მდე გაიზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და 30-მდე შემცირდება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი, იცვლება პარტიების დაფინანსების წესი.

პარტია, მიღებული 50 ათასი ხმის შემთხვევაში, თითო ხმაზე 15 ლარს მიიღებს. ყოველ შემდეგ ხმაზე კი - 5 ლარს. თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ხმას, მას ექნება 750 000-ლარიანი წლიური დაფინანსება.

"ანუ დადგენილია პარტიების დაფინანსების რეგრესული ფორმა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მცირე პარტიებს დიდ პარტიებთან შედარებით", - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მკაცრდება სასჯელი ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება. ჯარიმის მოცულობას მოსამართლე განსაზღვრავს.

გარდა ამისა, დაწესდება ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი - საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

"ფიზიკურად შეფერხებაში არ იგულისხმება მხოლოდ ამომრჩევლის პირდაპირ კანონსაწინააღმდეგოდ ფიზიკურად შეფერხება. ნებისმიერი შეფერხება, როდესაც, მაგალითად, გადაუდგები ამომრჩეველს და ეკითხები, ვის აძლევს ხმას - ესეც არის საარჩევნო რეგულაციების დარღვევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე კენჭს ხვალ, 1 ივლისს უყრიან კენჭს. სხდომის შემდეგ კომიტეტის სხდომა დაინიშნება, სადაც დოკუმენტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG