Accessibility links

უკრაინა პარიზისგან ითხოვს პასუხს ანექსირებულ ყირიმში ფრანგი ევროპარლამენტარების ვიზიტისთვის


ტერი მარიანი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოსთხოვა პარიზს რეაგირება, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ევროპარლამენტის ფრანგი დეპუტატების ამასწინანდელი ვიზიტის გამო, რომელიც 30 ივნისიდან 2 ივლისამდე გასტანს.

დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპარლამენტარი ტერი მარიანი, ყირიმსა და სევასტოპოლში დააკვირდება, თუ როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დანიშნულ რეფერენდუმზე.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ფრანგი ევროპარლამენტარების უკანონო ვიზიტის გამო ანექსირებულ ყირიმში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინაში საფრანგეთის ელჩი, ეტიენ დე პონსენი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ემინე ჯაფაროვამ ელჩთან საუბარში აღმაშფოთებელი უწოდა საფრანგეთის მოქალაქეების კონტაქტებს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ პარიზი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ტერი მარიანი, მარინ ლე პენის პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი, მანამდეც არის ნამყოფი ყირიმში, რასაც ყოველთვის ახლდა კიევის მწვავე რეაქცია.

რუსეთმა 2014 წლის ივლისში სამხედრო ძალით მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და მალევე უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის შემადგენლობაში მიიღო ყირიმის ნახევარკუნძული, ასევე ქალაქები სევასტოპოლი და სიმფეროპოლი.

6 წლის წინ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისათვის, ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა სანქციები, რომლის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ, 19 ივნისს გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG