Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა კვოტირების თემაზე უმრავლესობაში პრაქტიკულად შეთანხმდნენ


პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, ამავე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქალთა კვოტირების თემაზე პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება.

„ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, რომ დავაზუსტო, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეოთხე, როგორც მინიმუმ განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ეს იქნება პროპორციულ სიაში ყოველი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე ამ შემთხვევაში იცით, რომ პრაქტიკაში საუბარია ქალებზე, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება მაგალითად ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეოთხე საპარლამენტო სიაში მოახვედროს მამაკაცი“, - თქვა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი 2018 წელს ჩავარდა. კანონპროექტი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებსა და ბლოკებს ავალდებულებდა, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარედგინა.

37 455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ამჟამინდელი კანონპროექტი ითვალისწინებს სიაში ყოველი მეორე კანდიდატად განსხვავებული სქესის ადამიანის ჩაწერის ვალდებულებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დღეს, 30 ივნისს პირველი მოსმენისთვის მოწონებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG