Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას პოლიციელის მკვლელობის შესახებ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ, რომელსაც ბრალად ედება ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, დ.ს-ს მკვლელობა. რომელი ქვეყნის მოქალაქეა ბრალდებული პირი, შსს არ ასახელებს.

გამოძიების ინფორმაციით, „ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობითვე, პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა. ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რა უძღოდა წინ პოლიციელის მკვლელობას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს პოლიციელის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

გორში პოლიციელი წუხელ მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG