Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში ამოქმედდა პროტესტის საგნად ქცეული უსაფრთხოების კანონი


ჰონგ-კონგში 1 ივლისს ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოების მასშტაბური კანონი, რომელიც მკაცრი განაჩენებით, მათ შორის სამუდამო პატიმრობით სჯის გამოყოფისკენ მოწოდებებს, სისტემისთვის ძირის გამომთხრელ საქმიანობას და ტერორიზმს. კანონის ამოქმედებას აშშ-მა უწოდა "სევდიანი დღე" თავისუფლების მოყვარული ჩინელებისთვის.

როგორც ჩანს, ამ კანონის პირველი ამოქმედების სახით, ჰონგ-კონგის პოლიციამ განაცხადა, რომ დააპატიმრა კაცი, რომელსაც დამოუკიდებლობის მოთხოვნით დროშა ეჭირა ხელში.

ამასთან, პირველად მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ აკრძალა ყოველწლიური დემოკრატიული მსვლელობა, რომლითაც 1997 წლის 1 ივლისს ბრიტანეთის მიერ ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემას აღნიშნავენ ხოლმე. თუმცა, დემოკრატიის მომხრე აქტივისტებმა განაცხადეს, რომ აკრძალვას არ დაემორჩილებიან და აქციას მაინც გამართავენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 30 ივნისს პეკინი გააფრთხილა, რომ უსაფრთხოების კანონის დამტკიცებას საპასუხო ზომები მოჰყვება. პომპეოს თქმით, აშშ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, დიდწილად გააუქმებს პოლიტიკის გამონაკლისებს, რომლებიც ჰონგ-კონგს ანიჭებს განსხვავებულ და საგანგებო სტატუსს. კანონი გააკრიტიკა ევროკავშირმაც და განაცხადა, რომ ის მნიშვნელოვნად უთხრის ძირს ავტონომიის იმ მაღალ ხარისხს, რომლითაც ჰონგ-კონგი სარგებლობდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის შეფასებით, ჩინეთმა გატეხა ჰონგ-კონგის ხალხისადმი მიცემული პირობა და წავიდა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG