Accessibility links

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მეთაური ჰყავს


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია.
გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უფლებამოსილება გადააბარა გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმით სამსახურისთვის და სრული ნდობა გამოუცხადა გენერალ გიორგი მათიაშვილს.

„მეთაურს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს დღეს, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ცერემონიაზე გამოსვლისას.

პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარს და მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და თავდადებისთვის: „თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისათვის სანდო და საიმედო ძალა. ქართული ჯარი არის ჩვენი სახე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად გვასახელებენ“.

თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავდაცვის ძალების ახალ მეთაურს, 42 წლის გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სამხედრო განათლება მიღებული აქვს საქართველოს თავდაცვის აკადემიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში. სხვადასხვა დროს მსახურობდა პირველ ქვეით ბრიგადასა და სახმელეთო ძალებში. 2018 წლიდან იყო დასავლეთის სარდლობის სარდალი, ხოლო 2019 წლიდან დღემდე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი. გენერალ მათიაშვილს მიღებული აქვს ათზე მეტი ჯილდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG