Accessibility links

ნინოსხევში მოსწავლის დახრჩობის საქმეზე 2 მასწავლებელს ბრალი წაუყენეს


საქართველოს პროკურატურამ ნინოსხევში ექსკურსიის დროს 16 წლის მოსწავლის, სოფო ნიკოლეიშვილის დახრჩობის საქმეზე ორ მასწავლებელს ბრალი წაუყენა. 2019 წლის 26 მაისს მოსწავლის დახრჩობის საქმის გამოძიების დეტალებზე პროკურორმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პედაგოგებს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

გამოძიების ინფორმაციით, სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პროკურორის თქმით, პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.

"მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის" ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე", - აღნიშნა პროკურორმა და დასძინა, რომ პედაგოგების გულგრილობისა და წინდაუხედაობის გამო უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG