Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა


თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბაჩანა შენგელიას უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიეცა. სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრსა და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. ინფორმაცია თავად შენგელიამ გაავრცელა და რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

მას უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუჩერეს და ფეისბუკპოსტების გამო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

"გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას Facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთი თვის პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ - ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მოკრძალებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს", - ვკითხულობთ შენგელიასთვის იუსტიციის სამინისტროდან მიწერილ წერილში.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

რადიო თავისუფლება ბაჩანა შენგელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებიდან პასუხი არ მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG