Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს


სალომე ზურაბიშვილი, ჰუბერტ კნირში, კელი დეგნანი, კარლ ჰარცელი და კრისტიან ურსე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო სისტემის საკითხზე 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაში ჩართულ ფასილიტატორებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი, მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

„როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული. სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, მიუღებელია „ფეიკნიუსები", დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები. იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში.

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივნისს ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. 3 წინააღმდეგი იყო - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ყოფილი წევრები, უფრაქციო დეპუტატები ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია და დმანისი-წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც ფრაქციის "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარეა.

კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

სხდომას არ დაესწრნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა. ისინი საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილად აცხადებენ „პოლიტპატიმარ გიორგი რურუას“ გათავისუფლებას და მის შესრულებას ასახელებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG