Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგობრებო, ჩვენ უკვე დაგვჩიპეს!


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

საქართველოში პოპულარულია მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება შეფარული (ზოგისთვის უკვე ცხადი) იარაღი ადამიანთა დასაჩიპად. ინდივიდების სხეულში განხორციელდება რა ჩიპის ინსტალიაცია, ისინი იქცევიან ამ ორთაგან ერთ-ერთი : ბოროტ ძალასთან (უმეტესად ეშმაკთან) თანაზიარი ან გახდებიან მონები ( შესაძლოა, მათი “ხელისუფალი/მბრძანებელი” ან, თანამედროვედ რომ ვთქვათ, CEO იყოს ბილ გეიტსი). მსურს, გამოვეხმაურო აღნიშნულს იმ იმედით, რომ მე ჯერ კიდევ არა ვარ დაჩიპული (ვინ იცის?) და ამ განცხადებებით არ ვიქცევი “ჩემდა თავად” არასწორ აზრთა მქადაგებლად.

პირველზე ბევრს არაფერს ვიტყვი. მეორედ მოსვლის შიში საუკუნეების მანძილზე თრგუნავდა ადამიანებს. უამრავი დაანონსებით (ისევე, როგორც თანამედროვე ჟურნალისტები აანონსებენ “სენსაციურ ფაქტებს” და ამბობენ, “გვიყურეთ, ჩვენ ყველაზე რეიტინგულები ვართ!”), ზუსტი თარიღების დასახელებით და შემდგომ “არმოსვლის” იმედგაცრუებით, წრიული ბრუნვა თავიდან იწყებოდა(წრიულდებოდა) და კვლავ ანონსდებოდა “საშინელი” რამ, რაც სულაც არ არის “საშინელი” (არც საშიში), რადგან ვიცით, რომ რჩეულნი გადარჩებიან. და მაინც, თუ ვფიქრობთ, რომ სულიერებაზე შეუძლია გავლენა მოახდინოს სხეულში შეყვანილმა ფიზიკური სუბსტანციის მქონე ჩიპმა, თავად ეს აზრი ხომ არ არის “ურწმუნო”?

ზიგმუნტ ბაუმანი, ცნობილი პოლონელი სოციოლოგი, უწოდებს რა დღევანდელ ხანას “ლიკვიდური მოდერნულობის” ეპოქას (შინაარსობრივად იგულისხმება პოსტმოდერნი), მას განიხილავს, როგორც “შოპინგზე დამოკიდებული მატერიალისტური და ჰედონისტური ინსტიქტების” დროებას. ხომ არ ვაიგივებთ შინაგან, სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს “შოპინგთან”? ანუ მატერიალური საგნებით განპირობებულობასთან? თუ არა, მაშინ რატომ გვგონია, რომ “მატერია” შეგვცვლის? რატომ გვგონია, რომ “მატერიაში” იქნება ჩაპროგრამებული “სულიერების” გამანეიტრალებელი? ისევე როგორც შოპინგი არის ერთჯერადი აქტი, ხომ არ გვგონია სულიერებაც “ერთჯერადობით” ცვლადი? “წკაპ” და სხვა ხარ, “წკაპ” და კეთილი შეცვალა (შეგცვალა) ბოროტმა?

რაც შეეხება მეორე ვარაუდს, რომ ბილ გეიტსი დაგვიმონებს (დაგვიმონებს სათავისოდ, მერკანტილური მიზნების გამო და არა რაიმე “დიადი” განზრახვით); მან, შესაძლოა, ჩვენ უკვე დაგვიმონა, ან ის ხალხი მაინც, რომელიც windows-ის ოპერაციულ სისტემას იყენებს. ჩვენ მას ვუხდით ფულს და იგი მსოფლიოში უმდიდრესი მეორე ადამიანია. თუმცა, ადამიანებს ურჩევნიათ, ღრმად არ ჩაეძიონ მიზეზებს, არ იფიქრონ ნეოლიბერალური პოლიტიკისა თუ გლობალური ეკონომიკის დამთრგუნველ შედეგებზე (რომლის ერთ-ერთი შემოქმედიც ნამდვილად არის ბილი). ურჩევნიათ, გაიჩინონ “ექსტერნალური”, გარე მტერი, რომელსაც ყველაფერს გადააბრალებენ ან რომელზე ფიქრშიც იმდენ დროს დახარჯავენ, რომ იტყვიან, “ამაზე დარდმა დაგვლია და სწორადაც, რადგან რეალური პრობლემები ხომ მეორეხარისხოვანიაო”. მართლაც, რა მოსატანია ის, რომ შვილები ცუდ სკოლებში დადიან ან ის, რომ ცუდი ჯანდაცვის პაკეტი გვაქვს, მთავარია “მტრის ხატი”, რომელიც აოხრებას გვიპირებს, მუდამ არსებობდეს ჩვენს ცნობიერებაში და იგი განაპირობებდეს “დღის წესრიგს”. ასეთი “მტრის” არსებობა ხომ გვარწმუნებს, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ, რადგან გავხდით “დიდი ადამიანის” ინტერესის საგანი. ასეთი “მტრის” არსებობა ხომ გვარწმუნებს, რომ სინამდვილეში, ჩვენ ვყოფილვართ “დიდი ადამიანები”, რადგან ასე იოლად მივუხვდით განზრახვას; ჩვენ ვართ გამჭრიახები, რომლებიც არ ვიმსახურებთ იმ ბედს, რომელიც “ცხოვრებამ” გვარგუნა. ასეთი მეგა შიშები გაგვაჩნდა საბჭოთა კავშირის დროს, რომ ამერიკა ჩვენზე ადრე აითვისებდა კოსმოსს, რომ ჯინსებითა და კოკა-კოლით მოახდენდა აზროვნების ექსპანსიას.

კარტეზიუსი (რენე დეკარტი) ამბობდა, რომ, შესაძლოა, 2+2 არ უდრიდეს 4-ს, შესაძლოა, არც ერთი ემპირიული ცოდნა არ იყოს ნამდვილი და ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ცხადი გვგონია, წარმოადგენდეს სიზმარს, მაგრამ რაც უთუოდ გვაქცევს ჩვენ “არსებულებად”, “ნამდვილებად” არის სწორედ ეს დაეჭვების უნარი. ყველაფრის საეჭვოდ გამოცხადებაა “უეჭველობისა” და იმის თქმის წინაპირობა, რომ “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!”. დაეჭვება, თავისთავად, უკვე არის აზროვნება. ჩვენ, მართლაც, შეგვიძლია ვიყოთ კარტეზიანელები, ყველაფერი ეჭვქვეშ დავაყენოთ და ვთქვათ, რომ ეგებ ვაქცინა მართლაც არის რაღაც “სხვა” (“დანამდვილებით” თქმა უკვე ეჭვი აღარ არის), მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას და ვიქცევით “ანტიკარტეზიანელებად”, რასაც ახლავე ავხსნი.

უმეტესად, ამგვარი “შეთქმულების თეორიების” გამზიარებელნი ეკონომიკურად დაბალი კლასის წარმომადგენლები არიან, რომლებიც უკვე იმყოფებიან გაუსაძლის ყოფაში (სიღარიბე არის გაუსაძლისი). ანუ, ისინი უკვე არიან იმ მდგომარეობაში, რომლისაც ასე ეშინიათ. და უფრო მეტიც, ისინი უკვე არიან დაჩიპულნი, რადგან “დაჩიპვის შიში” არის სწორედ ყველაზე დიდი “დაჩიპულობის მდგომარეობა”! შიში იმ მდგომარეობისა, რომელშიც უკვე იმყოფები, უფრო მეტად საბურველია იმ რეალობისა, რომელშიც გააანალიზებ, რომ მონურ პირობებში შრომა, მიზერული ხელფასი, ექიმთან ვიზიტის გადადება უსახსრობის გამო, შვილის ველოსიპედისთვის საყიდელი ფულის უქონლობა, უკვე არის “დაჩიპული” (ანუ დაჩაგრული) ხალხის მახასიათებელი. და ამის არ (ვერ) გაცნობიერება უფრო და უფრო მეტად დაჩიპულს გხდის. შედეგი ერთია, ამგვარი თეორიების კვლავ კონსტრუირებით დაჩიპვის ხარისხი იწევს, რადგან კიდევ უფრო მეტად გვავიწყებს, რომ “თავისუფალი ნება” დიდი დოზით არც ახლა გაგვაჩნია, რომ განპირობებულები ვართ ჩვენი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობით და რომ ამის შეცვლა ნაკლებად შეგვიძლია. მით უმეტეს ვერ შევცვლით, თუ ირაციონალური შიშებით სწორება არასწორ “მტერზე” გვექნება.

თუმცა, ეგებ მე ვცდები? ეგებ უნდა მქონდეს ეჭვები? და უნდა ვაღიარო, რომ მაქვს ხოლმე, მაგრამ შემდგომ გადავხედავ ჩემი ბინის წინ აღმართულ უსახურ კორპუსებს, მიჩნდება განცდა, რომ ამაზე მეტი “ჯოჯოხეთი” რაღა უნდა იყოს (თუმც ესეც “მატერიალისტური შეფასებაა”) და თუ არის, ამისთვისაც გმირულად უნდა ვიყოთ მზად …

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG