Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის შენი პატრონი?


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

პატრიარქალურ საზოგადოებაში გოგოებს ზრდიან იმ ნატარივით, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაბინავდნენ, რაც დაქორწინებას ნიშნავს. თუ ქალი არ დაქორწინდება, ის სულაც დაუბინავებლად ითვლება. ესეიგი მან თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში სამწუხაროდ ვერ იპოვა. ვინაიდან, პატრიარქალური საზოგადოების აზრით, თვითრეალიზაცია მხოლოდ ან უპირველესად დაოჯახებით არის შესაძლებელი. ქალის თვითგამორკვევისთვის წინასწარი მისთვის დადგენილი გეგმა უნდა შესრულდეს: დაქორწინება და დედობა. სხვა სცენარი უბრალოდ გამორიცხულია. თუ გეგმის ერთ პუნქტი მაინც შესრულებულია, კიდევ არაუშავს. ის დაკარგული აღარაა რადგან ''პატრონს ჩაბარდა'' და ''დაბინავდა''.

სხვების მიერ დაწესებულ მიმართულების ვექტორს ქალი თუ არ მიყვება და არ შეასრულებს გეგმას, მაშინ ის კრიტიკის ქარცეცხლს უნდა ელოდოს.

გოგოებს ბავშვობიდან ესმით შემდეგი ფრაზები: ''ქმარი მოგხედავს'', ''ქმარი გიყიდის'', ''ქმარი გიპატრონებს''. იმას, რომ საკუთარი სურვილებს სხვა აუხდენს. მათ დამოუკიდებლობას უბრალოდ არ აჩვევენ. ქალები ბავშვობიდან ისმენენ, რომ მათი პატრონი ჯერ მშობელია, მერე ქმარი. ისინი ნებისმიერ მოცემულობაში დაქვემდებარებულები არიან. მათ არ ასწავლიან, რომ პატრონი მხოლოდ ცხოველს შეიძლება ჰყავდეს ან რაიმე ნივთს, მაგრამ არა ადამიანს. როცა ქალი ქორწინდება მას გაბედნიერებას უსურვებენ, გეგონება მისი ცხოვრება უღიმღამო და ბედნიერებას მოკლებული ყოფილიყოს მაქამდე. მეუღლე, ოჯახი გაბედნიერებასთან ასოცირდება, რომელისკენაც გოგო აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს. ქალი სრულფასოვნად არ აღიქმება თუ მას მეუღლე და შვილები არ ყავს. მისი მთავარი მოწოდება კი ცოლობა და დედობაა.

ქალები, რომლებიც არ ქორწინდებიან, მუდმივად სწავლა –დარიგების ზეწოლის ქვეშ არიან გარშემომოყოფებისგან: ''რატომ არ თხოვდები? ქალი უნდა გათხოვდეს''. როცა ქალი თხოვდება, მალევე იწყება კითხვები შთამომავლობის შესახებ: ''სიახლე ხომ არ არის? ბავშვს რატომ არ აჩენ? პრობლემები ხომ არ გაქვს?''. მათთვის ქალისთვის თვითრეალიზაცია ოჯახზე გადის. ქალი კი მუდმივად სხვების მოლოდინის გამართლების პროცესშია.

ქალების კონტროლზე აყვანა პატრიარქალების საყვარელი საქმეა. ვისაც არ სურთ შვილის ყოლა, სხვა ქალები ეჭვის თვალით უყურებენ: ''როგორ შეიძლება შვილი არ უნდოდეს? ალბათ პრობლემები აქვს და არ ამბობს'', – ღაღადებენ ისინი. ქალებს არ სჯერათ სხვა ქალების არჩევანის. მათ ავიწყდებათ ან უბრალოდ არ უშვებენ აზრად, რომ ქალი თავისუფალია თავის არჩევანში, თავის ცხოვრების ბატონ–პატრონი და ცხოვრების სცენარის ავტორიც. გადაწყვეტილებებსაც თავად იღებს და არა ვიღაცის ნაკარნახევით თუ ზეწოლით.

არც ისეთი რთული გასაგები უნდა იყოს ის, რომ ქალმა უნდა იმოქმედოს თავისი სურვილების მიხედვით და არა სხვისი მოლოდინების გასამართლებლად.

მზრუნველობას არგუმენტად ვინც მოიყვანს, გპასუხობთ – მზრუნველობა არას ავნებდა ქალებს ის მათ პრესინგში, კონტროლში და ობიექტივიზაციაში რომ არ გადადიოდეს.

ქალის ''ადგილის'' მიმთითებელები ყველგან არიან, მათ შორის მედიაში თუ რეკლამაში. გავიხსენოთ რა გვსმენია ამ სერიიდან.

– '' ქალს ჭკუა არ მოეთხოვება. ისიც საკმარისია, რომ ლამაზია. ეშველება, გათხოვდება, არ დაიკარგება ''.

– ''როგორ უთავსებთ სამსახურს და ოჯახს?'' ისმის ქალების მისამართით. იგივე კითხვით მამაკაცებს რატომღაც არ მიმართავენ. რატომ? იმიტომ, რომ მეუღლის, შვილის თუ შვილების მოვლა ქალის პასუხისმგებლობად ითვლება და ''ტეხავს'' იმავე კითხვით კაცი შეაწუხონ. როგორ შეჰკადრებენ! საპასუხოდ შეიძლება გამოილანძღონ კიდევაც, რადგან მსგავს კითხვას კაცი თავის მასკულინობის შელახვად მიიღებს.

ვინ მოიფიქრა ეს გენდერული როლები, ვინ დაუწესა ქალს სამზარეულოში ტრიალი, სახლში სისუფთავეზე ზრუნვა, ბავშვების მოვლა, სადაც კაცი არანაიარად არ უნდა ფიგურირებდეს. ამის გაპროტესტება და კაცთან მოვალეობის განაწილება ხომ მისი მასკულინობის დამცირება და პატივმოყვარეობის შელახვაა. პარტნიორობა? არა, არც კი სმენიათ.

– თუ ქალი ექიმის პროფესიას ირჩევს, ესმით კომენტარები ''სად გაგონილა ამდენი სწავლა? როდისღა უნდა გათხოვდე?''. ''რად გინდა გამოხვიდე ექიმი და შენი ცხოვრების უმეტესი დრო დაუთმო პაციენტებს და ოპერაციებს? მერე სახლს, ქმარს და ბავშვებს ვინ უნდა მიხედოს?''. მსგავსი კითხვებით, როგორც წესი, მამაკაცებს არ მიმართავენ. რადგან კაცის სამსახური უფრო ფასდება ვიდრე ქალის, ოჯახი კი – არა ორივეს, არამედ მეტწილად ქალის მოვალეობად მიიჩნევა.

– სამსახურის მაძიებლებს კითხვარში შეხვედრიათ პუნქტი ოჯახური მდგომარეობის შესახებ: ''გასათხოვარი'', ''გათხოვილი'', ''ქვრივი''. ჩნდება კითხვა ვის ინტერესშია ფლობდეს ინფორმაციას დასაქმებული ქალი –თანამშრომლის შესახებ და საერთოდ რამდენად დაშვებულია მსგავსი გამოკითხვა? იქნებ ქალს საერთოდ არ სურს პასუხის გაცემა. შეიძლება ის მარტო ზრდის შვილს ან ჰყავს პარტნიორი. ამ შემთხვევაში რომელი ვარიანტი შემოხაზოს?

– თუ სუფრაზე ქალმა კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა და ამით საღამოს სიმყუდროვე ''გააფუჭა '', მას აუცილებლად გააკრიტიკებენ. ქალი ხომ სასუველია რაც შეიძლება ცოტას ლაპარაკობდეს და კაცს უყვავებდეს. თუ ქალის განცხადება ისევ ქალების უფლებების დასაცავად ითქვა, მის სიტყვას ბანზე აგდება მოყვება ''იგონებთ ყველაფერს, ვინ გერჩითგ და დასაცავი რა გჭირთო''.

სექსიზმის გამოვლინება ხშირია. უბრალოდ მას არ ან ვერ ამჩნევენ. ვერ ამჩნევენ იმიტომ, რომ არ იაზრებენ და არ ამჩნევენ იმიტომ, რომ არ სურთ დაინახონ და დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი. შეიძლება რაღაც დონეზე ზოგიერთებს უჩნდებათ პროტესტის ნაპერწკალი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის დაიცვან თავიანთი პოზიცია, შეცვალონ ცხოვრების ჩვეული წესი თუ მოქმედების სტილი. არ ან ვერ იცავენ პოზიციას და საბოლოოდ ჯერდებიან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. ნებისმიერ ცვლილებას ხომ ნებისყოფა სჭირდება. ეს კი ზოგისთვის არც ისე ადვილია. რთულად გადასაჭრელ ამოცანას ისევ ამჯობინებენ დარჩნენ იქ, სადაც ქალს ჰყავს ბატონ–პატრონი და ამართლებს ვიღაცის მოლოდინს. ეგ ხომ მაინც ყველაზე მთავარია. აბა, სხვანაიარად როგორ?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG