Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმე: პატაკი ათტომიანი საქმიდან - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ივლისს


გადაიღო თუ არა ინციდენტის კადრები ფეხბურთელის საქმის მოწმე ფოტოგრაფმა?

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას“, - ეს პატაკი ეკუთვნის შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, რომელიც მან 22 ივნისს დაწერა.

გამომძიებლის პატაკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში დევს. გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც.

პროკურატურის მიერ, 27 ივნისს, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ვიდეო-კადრებში, თითქმის წუთნახევრიანი მონაკვეთი სწორედ იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ის და მასთან ერთად მყოფი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც, თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზაზე გადაადგილდებიან. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და ის არ ასახავს ინცინდენტის მონაკვეთს.

წაიკითხე მეტი.

Wizz Air საქართველოსთან დაკავშირებით გეგმებზე საუბრობს

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში, ქუთაისში ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს, რაც არ ნიშნავს, რომ კომპანია საქართველოში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიის გეგმებზე მისმა კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას... საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, კომპანია ქუთაისის ბაზაში დასაქმებულ თანამშრომლებს სხვა შესაძლებლობებს შესთავაზებს:

"ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები საქართველოში და ქუთაისის ბაზაზე".

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ კომპანია საქართველოს ბაზარს არ ტოვებს და ტექნიკური საკითხია ის, თუ სად იქნება კომპანიის თვითმფრინავები ბაზირებული, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში. მინისტრი განმარტავს, რომ თვითმფრინავების გადაჯგუფების მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირებაა.

წაიკითხე მეტი.

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორედ უყრიან კენჭს

დღეს მეორე მოსმენით უყრის კენჭს პარლამენტი საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

გუშინ პარლამენტმა 91 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველ განხილვაზე უკვე დაუჭირა მხარი ცვლილებების პაკეტს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეფუძნება საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ცხინვალელების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, ხმას რას აძლევდა. ბიბილოვს გადასატანი ყუთი კარანტინში მიუტანეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გამართულ რეფერენდუმში.

როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ბიბილოვს ჯავაში, ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ხმის მისაცემად გადასატანი ყუთი ჩაუტანეს. მოსკოვიდან დაბრუნებული ბიბილოვი, რომელიც იქ, ვლადიმირ პუტინის მიწვევით, ნაციზმზე გამარჯვების აღლუმს ესწრებოდა, ჯავაში ორკვირიან კარანტინში გადავიდა და ცხინვალში ჯერ არ ჩასულა, გადასატანი ყუთი კი მას სპეციალურ კომბინიზონებში ჩაცმულმა ექიმებმა ჩაუტანეს.

როგორც რუსეთის მოქალაქეს, მე აუცილებლად ხმა უნდა მიმეცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ შესწორებები, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციაში შეაქვთ, არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის, არამედ სამხრეთ ოსეთისთვისაც აუცილებელია“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

ეს ცვლილებები რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად არის მიმართული, ასევე მოსახლეობის სოციალურ დაცვას და უსაფრთხოებას ემსახურება და, გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის შიდა კანონების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - განმარტა ბიბილოვმა, თუმცა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის არ აუხსნია, რა მნიშვნელობა აქვს ცხინვალელებისთვის რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებას, რომლის მიღების შემთხვევაში, პუტინი კიდევ ორი ვადით შეძლებს პრეზიდენტობას.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ მხარი დაუჭირა გლობალური ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში ყველა შეიარაღებული კონფლიქტის დროს აუცილებლად მიიჩნევს ბრძოლების შეწყვეტას და ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველყოფას.

ტუნისისა და საფრანგეთის ინიციატივით მომზადებული რეზოლუციის პროექტის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განსახილველად ჯერ კიდევ 23 მარტს წარუდგინა.

იგი შეეხება სირიაში, ლიბიაში, იემენში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ტერიტორიებზე მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებს, სადაც სულ მცირე 90 დღის განმავლობაში უნდა იქნეს შენარჩუნებული ჰუმანიტარული პაუზა.

ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება საბრძოლო ოპერაციაზე, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ალ-ყაიდისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს არჩევნები რუსეთის აშკარა სამიზნეა

„ყველამ ვიცით, რამდენად აქტიური და გამომგონებლურია რუსული დეზინფორმაცია, როცა საქმე ეხება არჩევნებს ბევრ ჩვენს ქვეყანაში და საქართველო აშკარად არის სამიზნე“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. ეს განცხადება მან 1 ივლისს გააკეთა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

კელი დეგნანმა ისაუბრა რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა მეგობრები საქართველოსთან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ დეზინფორმაციისა და სიმართლის გარჩევაში.

დეგნანის თქმით, თუკი საქართველო შეძლებს წარმატებით ჩაატაროს არჩევნები, ეს დიდი გამარჯვება იქნება და მოდელის როლს შეასრულებს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

წაიკითხე მეტი.

  • "12 საათი მივდიოდით პატარა, ექვსმეტრიანი კატარღით. ერთმანეთს ვაწექით და ერთმანეთს ვიჭერდით. ღელვა იყო... ვიღაცა რომ გადავარდნილიყო, იქ არავინ მოატრიალებდა ნავს... როცა არ იცი, სად მიდიხარ და რას გიპირებენ, ფიქრებს ღრმად მიჰყავხარ მაგ დროს..."
  • მეკობრეებსა და 9 ქართველი მეზღვაურის აფრიკის ჯუნგლებში ტყვეობის 21 დღეზე (30 აპრილი-21 მაისი) რადიო თავისუფლებას უყვება გემის კაპიტანი, 34 წლის დავით მელიქიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG