Accessibility links

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა „პოლიტიკური ზეწოლის“ გამო


იაკივ სმოლი

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, იაკივ სმოლიმ, 1 ივლისს გადადგომის თხოვნით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, და თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სისტემატური პოლიტიკური ზეწოლა“ დაასახელა.

„დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის ეროვნულ ბანკზე ხორციელდება სისტემატური პოლიტიკური ზეწოლა. ეს შეუძლებელს ხდის ჩემზე, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელზე, დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად განხორციელებას და თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან“, - ნათქვამია სმოლის განცხადებაში.

ამასთან, იაკივ სმოლი იმედოვნებს, რომ ასეთი ნაბიჯით ცენტრალურ ბანკს თავიდან ააცილებს „ინსტიტუციური საფუძვლების შერყევის“ შემდგომ მცდელობას.

სმოლი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 2018 წლის 15 მარტს დაინიშნა, ბოლო ხანს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „ვერხოვნა რადას“ საფინანსო კომიტეტის მხრიდან მუდმივი კრიტიკის საგანი გახდა ბანკის დამოუკიდებელი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, რასაც ეროვნული ბანკისგან საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოითხოვს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის მიმართ შენიშვნები ჰქონდა ასევე ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, ბოჰდან დანილიშინს, რომელმაც იანვარში განაცხადა, რომ საჭიროა დიალოგი სახელმწიფოსა და "პრივატბანკის" ყოფილ მფლობელს, ოლიგარქ იგორ კოლომოისისკის შორისო.

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია რწმენა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც დარჩება დამოუკიდებელ ორგანოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG