Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანასწორობა და პროტესტი ამერიკაში - რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში


ეთუნა ცინცაძე-მაასს
ეთუნა ცინცაძე-მაასს

ავტორი: ეთუნა ცინცაძე-მაასს, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, კენტუკის უნივერსიტეტი

ერთი ამერიკელი მეგობარი მყავს. ომის ვეტერანია, პოლიტოლოგი და ლექტორი ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო უნივერსიტეტში. ამას წინათ სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, რომლის წაკითხვისას შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე მასზე დაცულად ვგრძნობ თავს ამერიკაში და ამის მიზეზი კანის ფერში განსხვავებაა.

ჩემი მეგობარი ამ სტატუსში იხსენებს თავის ბებიას, რომელიც წლების წინ აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, სადაც შავკანიანი ამერიკელები თანაბარ უფლებებს ითხოვდნენ, პასუხად კი იღებდნენ დაგეშილ ძაღლებს, წყლის ჭავლს, დაშინებასა და შეურაცხყოფას. იგი პარალელს ავლებს დღევანდელი „ლიდერებისა“ და 60-იანი წლების სეგრეგაციონისტების მიერ გამოყენებულ რიტორიკას შორის, ბოლოს კი შეგვახსენებს, რა შედეგები მოაქვს ლიდერების მიერ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მიზანმიმართულ დეჰუმანიზაციას. ეს სტატუსი მძიმე წასაკითხი იყო, თუმცა, ამერიკის ისტორიისა და დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ იყო გასაკვირი.

ამერიკის შეფასებები ხანდახან კარიკატურულ ფორმას იღებს: ან ხდება ამერიკის იდეალიზაცია, ან მისი მიწასთან გასწორება. რეალობა კი კომპლექსურია, მით უფრო, როცა რასიზმის პრობლემას ეხება საქმე. ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, არც მოულოდნელია და არც ცალსახად ნეგატიური. ბუნებრივია, მასშტაბური დემონსტრაციები არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს - დიდი ცვლილებები, როგორც წესი, მშვიდად და უმტკივნეულოდ არ ხდება ხოლმე. ამის კარგი მაგალითია ამერიკის 60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობა. როგორც 60-იან წლებში, დღესაც მრავლად არიან სტატუს-კვოს დამცველები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროგრესს და ცდილობენ მოსახლეობის ყურადღება პროტესტის ნეგატიურ ასპექტებზე გადაიტანონ. ამიტომ, მოვლენების შეფასებისას მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ფოკუსი უმთავრესზე - რა უდევს საფუძვლად ამ დემონსტრაციებს?

რასისტული უთანასწორობა

რასიზმი იყო და რჩება ამერიკის უმთავრეს პრობლემად. ვიდეოზე აღბეჭდილმა ჯორჯ ფლოიდის საზარელმა მკვლელობამ განარისხა მოსახლეობა. ეს იყო მნიშვნელოვანი ბიძგი, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ამ მასობრივი დემონსტრაციების უკან დგას უთანასწორობით წლების მანძილზე დაგროვილი უკმაყოფილება.

ამავე ხანებში მოხდა აჰმუდ არბერისა და ბრიონა ტეილორის სასტიკი მკვლელობები. ცენტრალურ პარკში მოხდა ასევე ინციდენტი, სადაც თეთრკანიანი ემი კუპერი პოლიციის გამოძახებით აშანტაჟებს შავკანიან ქრისტიან კუპერს, რომელმაც მხოლოდ ძაღლის საბელზე შებმა სთხოვა. ამ ინციდენტმა წარმოაჩინა, თეთრკანიანი ემი როგორ მიზანმიმართულად იყენებს რასობრივ სტერეოტიპებს: „მე ვეტყვი მათ (პოლიციას), რომ აფროამერიკელი მამაკაცი ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“. ასეთი შემთხვევების უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

როცა რასობრივი უთანასწორობის პრობლემები ხანგრძლივად იგნორირდება, რაღაც ეტაპზე დაგროვილი ბრაზი ამოხეთქავს.

ესკალაციიას დამატებითი ბიძგი მისცა პანდემიამაც, რომელმაც რასობრივი უთანასწორობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ით გარდაცვალების საშიშროება 3.5-ჯერ მაღალია შავკანინ ამერიკელებში, ვიდრე თეთრკანიანებში და ამის მიზეზია სიღარიბე, ჯანდაცვაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, არც ისე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.

სისტემურ რასიზმზე დაგროვილი ცოდნისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ისევ გვხვდება შეხედულება, რომ მონობის ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად რასიზმის პრობლემაც მოგვარდა ამერიკაში, ან რომ დღეს მხოლოდ რასიზმის ცალკეული შემთხვევები გვაქვს. ამ მითის გაბათილება არ გაგვიჭირდება, თუ საკითხს ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ და დავაკვირდებით, როგორ მიზანმიმართულად განამტკიცებდნენ საუკუნეების მანძილზე ამერიკაში თეთრი რასის უპირატესობას.

მხოლოდ თეთრები

1865 წელს, მართალია, მონობა გაუქმდა, მაგრამ ამერიკის ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ინტენსივობით და კანონიერი თუ უკანონო საშუალებებით გააგრძელა შავკანიანი მოსახლეობის დეჰუმანიზაცია. მართლმსაჯულების სისტემა და პოლიცია რასობრივი უთანასწორობის შენარჩუნების უმთავრეს ბერკეტად გადაიქცა. ამის თვალსაჩინო მაგალითია შავი კოდექსის (Black Codes) შექმნა, რომლის მთავარი მიზანი იყო განთავისუფლებული მონების უფლებების კანონით შეზღუდვა და მოსახლეობის ამ ნაწილის იაფ მუშახელად შენარჩუნება. ამას მოჰყვა ჯიმ ქროუს კანონები (Jim Crow Laws), სეგრეგაციული სისტემა, სადაც დაკანონებული იყო თეთრკანიანი მოსახლეობის აღმატებითი სტატუსი და შავკანიანი მოსახლეობის დისკრიმინაცია. ჯიმ ქროუს კანონების მოქმედება საუკუნეზე დიდხანს გაგრძელდა და არ იყო მხოლოდ ამერიკის სამხრეთ შტატების გამოცდილება. ჩრდილოეთ შტატებშიც შეხვდებოდით აბრებს წარწერით „მხოლოდ თეთრები“ (Whites Only). ეს კანონები ოფიციალურად მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაუქმდა.

ასეთ გარემოში ყალიბდებოდა ამერიკის მართლმსაჯულების სისტემა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღესაც უამრავი პრობლემაა ამ სისტემაში. რამდენიმე შტატს ჯერაც არ აქვს მიღებული კანონი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ (hate crime law). ასევე, ჯერაც არ დამტკიცებულა ლინჩის საწინააღმდეგო კანონი (anti-lynching bill), რომლის პროექტიც ამჟამად განიხილება სენატში და რომლის პირველი ვერსია ჯერ კიდევ 1918 წელს იყო წარდგენილი განსახილველად. 2020 წლის გამოკითხვებით, ამერიკელთა, დაახლოებით, 76 % ფიქრობს, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია „დიდი პრობლემაა“ ამერიკისთვის, ხოლო მოსახლეობის 78 % მიიჩნევს, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის რისხვა (სრულიად ან ნაწილობრივ) გამართლებულია (Monmouth University Poll). გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ ამერიკელთა 74 % იზიარებს დემონსტრაციების სულისკვეთებას, ხოლო თითქმის 70 % მიიჩნევს, რომ პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა სისტემური ხასიათის პრობლემაა და არა იზოლირებული ინციდენტი (Washington Post-Schar School Poll)

მიმდინარე ანტირასისტულმა საპროტესტო აქციებმა უკვე აჩვენა თავისი ეფექტურობა:

  • გაიზარდა რასობრივი უთანასწორობის საკითხით დაინტერესება;
  • დემონსტრაციების ტალღა გასცდა ამერიკის საზღვრებს;
  • დაიწყო პოლიციის დეპარტამენტების აქტიური რეფორმირება;
  • კომპანიები და ინსტიტუტები ახალი ინიციატივებით უპასუხებენ რასობრივი უთანასწორობის პრობლემას.

ამ პროცესებმა, როგორც მოსალოდნილი იყო, ასევე წინა პლანზე წამოსწია წლების წინ დაწყებული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს რასიზმის სიმბოლოების აღებას სახალხო ადგილებიდან. ამ ინიციატივის მთავარი სამიზნე კონფედერაციასთან ასოცირებული მონუმენტებია და რადგან ამ პროცესს განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა, ამ საკითხს ცალკე გამოვყოფ.

კონფედერაცია - რასიზმის სიმბოლო

ზოგი ფიქრობს, რომ ძეგლების აღებით ისტორია იშლება. არადა, სწორედ ამის საპირისპირო რამ ხდება დღეს ამერიკაში.

ბავშვობაში თბილისში ლენინის მოედანთან ვცხოვრობდი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გარდაიქმნა ეს მოედანი თავისუფლების მოედნად. მახსოვს, როგორ არ მეზარებოდა, რამდენჯერაც ბებიაჩემს მოედნის ძველი სახელი წამოსცდებოდა, იმდენჯერ გამესწორებინა. ეს არ ნიშნავს, რომ წინა პერიოდი ამოიშალა ისტორიიდან ან ჩვენი მეხსიერებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დიდი ცვლილებების შედეგად ბევრი რამ გადაფასდა.

არც კონფედერატი გენერლების ქანდაკებების აღებით ამოიშლება ისტორიიდან ამერიკის სამოქალაქო ომი, ან მისი მონობისა თუ სეგრეგაციის გამოცდილება. დღევანდელი პროცესები აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის მზარდი ნაწილი მზად არის კრიტიკულად შეაფასოს/გადააფასოს ქვეყნის წარსული, კითხვის ქვეშ დააყენოს სწორედ ქვეყნის შელამაზებული ისტორია და გააანალიზოს ისტორიული მოვლენები, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, მხოლოდ ახლახან შეიტყო.

ბუნებრიავია, ადამიანებს, რომელთაც არასდროს გასჩენიათ კითხვა, თუ რატომ აღიმართა დამარცხებული კონფედერაციის მემორიალები, ახლა ლამის თავდასხმად მიაჩნიათ მათი აღება. ამ მონუმენტების დამცველებს შორის ქართველების აღმოჩენამ მაინც გამაკვირვა. წარმოიდგინეთ, სტალინისა და ბერიას ძეგლები რომ გვედგას ყველა ქალაქის ცენტრში და ამერიკელები გვეუბნებოდნენ, რას ერჩით ამ ძეგლებს, მოუფრთხილდით, თქვენი ისტორიააო.

ალბათ, ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ, რა ტკივილს გრძნობს პატარა შავკანიანი გოგონა, როცა ამაყად წამოჭიმული კონფედერატი გენერლის ქანდაკებას უყურებს თავისი ქალაქის ცენტრში, ან რამხელა იქნება მისი სიხარული, როცა ამ ქანდაკებას, ბოლოს და ბოლოს, გაიტანენ მისი ქალაქიდან.

მოკლედ ავხსნი, რატომ ასოცირდება კონფედერაცია რასიზმთან. კონფედერაცია, იგივე ამერიკის კონფედერაციული შტატები, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური წარმონაქმნი, არსებობდა 1861-1865 წლებში. იგი თავისი არსით წარმოადგენდა ანტიამერიკულ, ანტიდემოკრატიულ, მონობის ინსტიტუტის შენარჩუნების იდეით გაერთიანებული რამდენიმე შტატის ერთობას. სამხრეთის რამდენიმე შტატმა მას შემდეგ გადაწყვიტა გამოყოფოდა ამერიკას, როცა ქვეყანამ მონობის ინსტიტუტის ღიად მოწინააღმდეგე აბრაამ ლინკოლნი აირჩია პრეზიდენტად. ამ შტატების ოფიციალური დეკლარაციები ნათლად განმარტავს, რომ სეპარაციის მთავარი მიზეზი სწორედ მონობის ინსტიტუტის შენარჩუნების სურვილი იყო. მისისიპის დეკლარაცია პირდაპირ აცხადებს: „ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურადაა დაკავშირებული მონობის ინსტიტუტთან“, „მონობის ინსტიტუტზე თავდასხმა არის თავდასხმა ვაჭრობასა და ცივილიზაციაზე“. გამოყოფის შემდეგ ამ შტატების მიერ ჩამოყალიბებული კონფედერაცია სწორედ ცენტრალიზებული და ანტიდემოკრატიულია.

კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრ სტივენსი, 1861 წლის ცნობილ გამოსვლაში (Cornerstone Speech) განმარტავს განსხვავებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მისგან გამოყოფილი შტატების კონფედერაციას შორის. სტივენსი კონფედერაციის „ქვაკუთხედად“ მიიჩნევს იმ „დიდ ჭეშმარიტებას“, რომ „შავკანიანი არ არის თეთრკანიანი ადამიანის თანასწორი“ და რომ „აღმატებული რასისადმი მონობა და მორჩილება მისი ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობაა“. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ კონფედერაცია და მისი სიმბოლიკა (ძეგლები, დროშა) ასოცირდება რასიზმთან.

როგორ გახდა მემორიალები განხეთქილების წყარო

ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მემორიალურ ძეგლებს ძირითადად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ხსოვნისა და ერის გამთლიანების პატივისცემის ნიშნად აღმართავდნენ. დამარცხებული კონფედერატი გენერლების ტრიუმფალური ძეგლების აღმართვა შედარებით გვიანი პროცესია და იმ პერიოდებს ემთხვევა, როცა შავკანიანი მოსახლეობის დემონსტრაციები ძლიერდებოდა - თანასწორობის მოთხოვნაზე საპასუხოდ იდგმებოდა მემორიალები, რომლებიც სწორედ რასობრივ უთანასწორობას უსვამდა ხაზს. ეს იყო მონობისა და რასობრივი უთანასწორობის სიმბოლოების მიზანმიმართული განდიდება.

ლოგიკურია, რომ კონფედერაციის მემორიალების ყველაზე თავდადებული დამცველები სწორედ ულტრამემარჯვენე ნეონაცისტური ჯგუფები არიან – რასიზმის სიმბოლოებს განსაკუთრებული შემართებით სწორედ რასისტები იცავენ. ამის ტრაგიკული მაგალითია 2017 წლის აგვისტოში ვირჯინიაში, შარლოტსვილში, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია, რომელიც გენერალ ლის ძეგლის დაცვის ინიციატივით დაიწყო. დემონსტრანტები აფრიალებდნენ კონფედერაციის დროშებს და ყვიროდნენ: „სისხლი და მიწა”, „თეთრი ძალა”, „ებრაელები ვერ ჩაგვანაცვლებენ“. ულტრამემარჯვენეების დემონსტრაციის პარალელურად გაიმართა ანტირასისტული კონტრდემონსტრაციაც. ამერიკის ორი სრულიად განსხვავებული, ექსკლუზიური და ინკლუზიური, ხედვა შეეჯახა ერთმანეთს, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა.

ეს მემორიალები განხეთქილების წყარო რომ გახდებოდა, თავად კონფედერატმა გენერალმა რობერტ ლიმ ივარაუდა. იგი სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ თავად იყო კონფედერაციის მონუმენტების დადგმის წინააღმდეგი, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთი მონუმენტები მხოლოდ გაართულებდა ქვეყნის გამთლიანების პროცესს.

კონფედერატი ლიდერების ზოგიერთი შთამომავალი, წლებია, ითხოვს ამ ძეგლების აღებას და მუზეუმებში გადატანას. გენერალი ლის შთამომავალი რობერტ რაით ლი IV თავის წიგნში (2019) აღწერს, წლების წინ როგორ ამაყობდა თავისი ცნობილი წინაპრით და სამხრეთის მემკვიდრეობით და შემდეგ, როცა სიღრმისეულად დაიწყო წარსულის შესწავლა, როგორ შეიცვალა მისი შეხედულებები. რამდენიმე კვირის წინ იგი პირადად დაესწრო ვირჯინიის გუბერნატორის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც მისი წინაპრის ძეგლის აღების გეგმას ეხებოდა.

მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პროცესები არ მიდის უმტკივნეულოდ, მოცემული ისტორიული მომენტი ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობას, ადამიანებმა უფრო ღრმად ჩაიხედონ საკუთარი ქვეყნის ისტორიაში და დაფიქრდნენ, რა ღირებულებებს უნდა დაეფუძნოს ქვეყნის პროგრესი. 1963 წელს ჯეიმს ბალდვინმა ინტერვიუში პირდაპირ დააკავშირა ერთმანეთთან შავკანიანი მოსახლეობისა და ქვეყნის მომავალი: „ამერიკაში შავკანიანი ადამიანის მომავალი ზუსტად ისეთივე ნათელი ან ბნელია, როგორიცაა თავად ქვეყნის მომავალი“. მარტივი ლოგიკაა თითქოს. იმედია, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს ამას. მისივე სიტყვებით დავასრულებ: „არ შემიძლია ვიყო პესიმისტი, რადგან ცოცხალი ვარ“.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG